გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ თბილისის მცხოვრებლებს ელექტროენერგია საშუალოდ 3.94 თეთრით გაუძვირდება. კომისია ტარიფებს დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე ადგენს. მათი ტარიფით ელექტრო ენერგიის ფასი დაახლოებით 2.5 თეთრით იმატებს. ახალი ტარიფები დღგ-ს გარეშე საფეხურების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
ვინც თვეში 0-დან 101 კვტსთ ელექტროენერგიას მოიხმარდა, ტარიფი 2.966 თეთრით გაუძვირდა, ვინც 101-დან – 301-მდე კვტსთ-ს – 3,84 თეთრით, ხოლო 301 კვტსთს და მეტის შემთხვევაში- 3.202 თეთრით.
სემეკის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან როგორც ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, ასევე, თავად სს “თელასის” წარმომადგენლელბიც. როგორც, პარტია “ქართული დასის” თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია აცხადებს, გადაწყვეტილება უკანონოა და ტარიფის ზრდით მაღალჩინოსნები იყვნენ დაინტერესებული. პოლიტიკოსი საპროტესტო აქციებს აანონსებს.
“ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და მოითხოვოს სამართლიანობის აღდგენა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა და მერე ვინმე აეროპორტამდე მიაღწევს ძალიან ცდება. მიწიდან ამოვთხრით თითოეულ მათგანს და ყველა აგებს პასუხს,” – აცხადებს ბაღათურია.
კომპანია “თელასის” კომერციული დირექტორის მოადგილე მიხეილ ანთაძე აცხადებს, რომ სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის მიუხედავად კომპანიამ ვერ მიიღო ის ტარიფი, რომელიც მის დანახარჯებს სრულად შეესაბამება. კომპნიას ახალი ტარიფის ანალიზი ჯერ არ ჩაუტარებია, თუმცა ანთაძე არ გამორიცხავს, რომ კომპანიამ შესაძლოა კომისიას განცხადებით კიდევ მიმართოს.
“მართალია სამომხმარბელო ტარიფი გაიზარდა, მაგრამ სამომხმარებლო ტარიფში თელასის განაწილების წილი შემცირდა 3 თეთრით. ეს რა თქმა უნდა, მძიმე იქნება კომპანიისათვის. ეს არის ის მინიმუმი რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ზამთარი გადავიტანოთ ნორმალურად. გავაანალიზებთ სიტუაციას და გავაგრძელებთ მუშაობას მარეგულირებელ კომისიასთან,”- აცხადებს ანთაძე.
მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, ირინა მელორავა აცხადებს, რომ ელექტრო ენერგიის ტარიფის მომატება გარდაუვალი იყო.
“ელექტრო ენერგიის შესყიდვის ფასი გაეზარდა კომპანიას, ამიტომ ეს კომპანიის ფასში აუცილებლად უნდა ასახულოყო. სხვა შემთხვევაში კომპანია უბრალოდ ვერ შეძლებდა შეესყიდა ენერგია,”- აცხადებს მელორავა.
ტარიფი ძალაში გამოქვეყნების დღიდან შევა. სექტემბრის თვეში ტარიფი ორად გაიყოფა: ცალკე დაითვლება დღეები ძველი ტარიფით და ცალკე ახალი ტარიფით, მისი ძალაში შესვლის დღიდან. ოქტომბრიდან მომხმარებელს ელექტრო ენერგიის გადასახადი უკვე სრულად ახალი ტარიფით მიეწოდება.
კომპანია “თელასის” ხარჯთაღრიცხვაში შესული ცვლილებები გააპროტესტა კომპანიის პროფკავშირების თავმჯდომარემ, რომელიც სხდომას ესწრებოდა. მალხაზ ღონიაშვილის განცხადებით, ახალი ტარიფის მიღების შემდეგ კომპანიის თანამშრომელთა ხელფასები 25%-ით შემცირდება. როგორც ღონიაშვილი ამტკიცებს, თანხები, რომლებიც კომისიამ კომპანიის ხარჯების აუდიტის პროცესში, დამატებით ფულად პრემიემად მიიჩნია, რეალურად თანამშრომელთა ხელფასებია.
სს “თელასი” საოპერაციო ხარჯებში დამატებითი ფულადი პრემიებისა და საქველმოქმედო დანახარჯების შეტანას ჯერ კიდევ საჯარო განხილვების დროს მოითხოვდა. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას აზრითკი, მსგავსი დანახარჯები კომპანიამ მოგებიდან უნდა განკარგოს და არ უნდა მოხდეს მისი ტარიფში ასახვა.
სს “თელასმა” სემეკს ტარიფში ცვლილების შეტანის მოტხოვნით 23 ივლისს მიმართა. სემეკმა საჯარო სხდომების ფორმატში განიხილა ტარიფში შემავალი კომპონენტები და ტარიფი დაადგინა.