ახალი ამბები

მეჭიაური: თუ ბატონ ბიძინას ჩემი გამონათქვამი დისკომფორტს უქმნის, ბოდიშს მას მოვუხდი

3 სექტემბერი, 2015 •
მეჭიაური: თუ ბატონ ბიძინას ჩემი გამონათქვამი დისკომფორტს უქმნის, ბოდიშს მას მოვუხდი

ამის შესახებ მეჭიაურმა განცხადება დღეს გააკეთა.

 

“მე არ ვიცი ბატონი ბიძინას აზრი, თუ მას ჩემი გამონათქვამი დისკომფორტს უქმნის, მე შემიძლია ბიძინას მოვუხადო ბოდიში და არა მათ”, – ამბობს მეჭიაური ტელეკომპანია “იმედის” სიუჟეტში.

 

 

კოალიცია “ქართული ოცნების” წევრის, თამაზ მეჭიაურის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადების შემდეგ ინტერნეტში პეტიცია შეიქმნა. საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარისგან საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდას ითხოვს.

 

პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის წევრის მიერ გიორგი მარგველაშვილის შეფასება წარმოადგენს პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუციის შეურაცხყოფას და ატარებს უკიდურესად ნეგატიურ ხასიათს.

 

“2015 წლის 02 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა საქართველოს პრეზიდენტი მოიხსენია როგორც “ენჯეოშნიკი სოროსელი”, რომელიც “ნერვებს უშლის” (იგულისხმებოდა ვეტოს უფლების გამოყენება) მასაც და მოსახლეობასაც.

 

მივიჩნევთ, რომ პარლამენტის წევრის მიერ პრეზიდენტის მსგავსი შეფასება წარმოადგენს პრეზიდენტის, როგორ ინსტიტუტის შეურაცხყოფას, ატარებს უკიდურესად ნეგატიურ ხასიათს და არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების შტოებს შორის დამოკიდებულების პრინციპებს. თავისი გამოსვლით თამაზ მეჭიაურმა ასევე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი კონტექსტი მიანიჭა არასამთავრობო სექტორის წევრობას და კონკრეტულ არასამათავრობო ორგანიზაციას, რაც ასევე მიუღებელი და აღმაშფოთებელია.

 

მოვითხოვთ, რომ თამაზ მეჭიაურმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე პარლამენტის წევრისათვის შეუფერებელი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისათვის შეურაცხმყოფელი პოზიციის გამო,” – წერია პეტიციის ტექსტში.

 

2 სექტემბერს თამაზ მეჭიაურმა ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა. დეპუტატის აზრით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარგველაშვილი ვეტოს უფლებით აღჭურვა. პრეზიდენტის შესაფასებლად კოალიცია “ქართული ოცნების” წევრმა გამოიყენა სიტყვები: “ენჯეოშნილი”, “სოროსელი”, “ქსოვა”.

 

ნეტგაზეთი პარლამენტის სხდომის შემდეგ თამაზ მეჭიაურს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა მის განცხადებებთან დაკავშირებით. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, არც ეჯეოშნიკობაა დიდი დანაშაული და არც სოროსელობა. მეჭიაურის თქმით, ამ სიტყვებით მას სქართველოს პრეზიდენტისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი