ახალი ამბები

ოქსფორდელი მკვლევრები: COVID-19-ით შესაძლოა ბევრად უფრო მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე გვგონია

25 მარტი, 2020 • 1170
ოქსფორდელი მკვლევრები: COVID-19-ით შესაძლოა ბევრად უფრო მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე გვგონია

ოქსფორდის უნივერსიტეტის თანამშრომლების მოდელირების თანახმად, პანდემიად გამოცხადებული კორონავირუსული იფნექციით — COVID-19-ით გაერთიანებული სამეფოს დიდი ნაწილი, შეიძლება მოსახლეობის ნახევარიც კი, უკვე იყოს ინფიცირებული, თუმცა მათ უდიდეს ნაწილს ექიმების დახმარება არ დასჭირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების ევოლუციური ეკოლოგიის ჯგუფის მკვლევრების მოდელირების თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში ვირუსი იანვრის შუა რიცხვებში დაფიქსირდა. ოფიციალურად, გაერთიანებულ სამეფოში შიდა გადაცემის შემთხვევა მხოლოდ თებერვლის ბოლოს დადასტურდა. ანუ ამ მოდელის მიხედვით, რომელიც დადასტურებული არ არის, ერთი თვის განმავლობაში ვირუსი ქვეყანაში შეუმჩნევლად ვრცელდებოდა.

თუ ოქსფორდელი მეცნიერების გამოთვლა სწორია, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ამას ახლანდელი მონაცემები აჩვენებს, მაგრამ ისინი აღნიშნანვენ, რომ უმრავლესობის შემთხვევაში დაავადებამ უსიმპტომოდ ან სუსტი ფორმით ჩაიარა და ჰოსპიტალიზაცია ათასიდან მხოლოდ ერთს დასჭირდა.

სუნეტრა გუპტა, თეორეტიკული ეპიდემოლოგიის პროფესორი და ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საჭიროა ფართომასშტაბიანი ტესტირების ჩატარება, რათა გაირკვეს, “ეპიდემიის რა ეტაპზე იმყოფება” ქვეყანა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების ხედვა კარდინალურად განსხვავდება ლონდონის იმპერიული კოლეჯის მიერ შემუშავებული მოდელისგან, რომელზე დაფუძნებითაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ვირუსის გავრცელებას ებრძვის შეკავების პოლიტიკით, რომელიც გულისხმობს შეკრებების შეზღუდვასა და სოციალური დისტანცირების წახალისებას. გუპტას აზრით, თუ ოქსფორდის მოდელი დადასტურდა, ამჟამინდელი შეზღუდვების მოხსნა უფრო მალე იქნება შესაძლებელი, ვიდრე ამას მთავრობაში მიიჩნევდნენ.

თუმცა, Financial Time-ის მიხედვით, მკვლევარი შეზღუდვების პოლიტიკას არ აკრიტიკებს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მათი მოდელირების სიზუსტე დადასტურებული არ არის, მეორე კი, ეს მოდელი სწორიც რომ იყოს, მისი თქმით, სოციალურ დისტანცირებას შეუძლია ადამიანები დაიცვას სერიოზულად დაავადებისაგან, ხოლო ჯანდაცვის სისტემა – გადატვირთულობისაგან.

მოდელირების მტკიცებულებად ქცევის მიზნით, მეცნიერთა ეს ჯგუფი სხვა კოლეგებთან ერთად ანტისხეულებზე მოსახლეობის ტესტირების დაწყებას აპირებს.


გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით დაავადების 8,167 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 423 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 140 პაციენტი.

კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში ასე გამოიყურება:

  • დაავადების შემთხვევა: 436,159 მსოფლიოში, 73 საქართველოში
  • გამოჯანმრთელების შემთხვევა: 111,847 მსოფლიოში, 10 საქართველოში
  • გარდაცვალების შემთხვევა: 19,648 მსოფლიოში, 0 საქართველოში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი