შრომის მსოფლიო ორგანიზაციის (ILO) შეფასებით, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში დასაქმებულთა 80%-ზე მეტის სამსახურზე მოახდინა გავლენა – სამსახურების ნაწილი საერთოდ გაუქმდა, ან სამუშაო საათები მკვეთრად შემცირდა.
ამის ფონზე სახელმწიფოთა ნაწილმა შეიმუშავა კრიზისის დაძლევის გეგმა, რათა შეამსუბუქონ ზეწოლა ბიზნესზე და თითოეულ მოქალაქეზე. გარდა საერთო შეღავათებისა, ზოგ ქვეყანაში მოქალაქეების პირდაპირი ფინანსური დახმარების გზა აირჩიეს.
საქართველოს ხელისუფლებამ თქვა, რომ კრიზისის დასაძლევად 2 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება, თუმცა ჯერ არაფერია ნათქვამი მოქალაქეთა პირდაპირ, მიზნობრივ დახმარებაზე, ასევე, ეკონომიკის სტიმულირების კონკრეტულ, დროში გაწერილ გეგმაზე. ხელისუფლების ინფორმაციით, აღნიშნული 2 მილიარდი მოიცავს პანდემიით პირდაპირ დაზარალებული ტურისტული სექტორისთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს, მოქალაქეებისთვის 3 თვის კომუნალურების გადახდას და ა.შ. ასევე, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როგორ დაიხარჯება კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ ჩარიცხული 124 მილიონი ლარი (9 აპრილის მონაცემებით). საქართველოს 183 მილიონი ევროთი დაეხმარება ევროკავშირიც.
ნეტგაზეთმა მოიძია ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ცდილობს ქვეყნების ნაწილი მოქალაქეებისთვის კრიზისის შემსუბუქებას.
აშშ
ამერიკის შეერთებულ შტატები კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობით პირველი ქვეყანაა. 9 აპრილის მონაცემებით, აქ ინფიცირებულთა რაოდენობამ 430 ათასს გადააჭარბა, საიდანაც 15 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. სხვა ქვეყნების მსგავსად, ამერიკის უდიდეს ნაწილში დახურულია რესტორნები, კაფე-ფარები, მნიშვნელოვნად დაზარალდა ტურიზმის სექტორი.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში 15 მილიონამდე ადამიანმა გააკეთა განაცხადი უმუშევრობის დახმარების მისაღებად, რაც ამ ქვეყნისთვისის ბოლო რამდენიმე ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან შტატების დიდ ნაწილში კრიზისის ძირითადი ფაზა ჯერ არ დამდგარა.
აშშ-ის კონგრესმა ორივე პარტიის თანხმობით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ახალი კორონავირუსის — COVID-19-ის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად 2 ტრილიონი დოლარი დაიხარჯება. გარკვეულ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეები დახმარების სახით 1 200 დოლარს მიიღებენ.
ამასთან ერთად, ფედერალურმა რეზერვმა ფინანსირების განაკვეთი ისტორიულ მინიმუმამდე — 0.25 პროცენტამდე შეამცირა. ერთი თვით ადრე განაკვეთი 1.75 პროცენტი იყო.
აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ(ეროვნული ბანკის ანალოგი), საფონდო ბირჟის ინდექსის დიდი ვარდნის პარალელურად, ეკონომიკის დასტაბილურება არაერთხელ სცადა. უწყებამ აპრილის დასაწყისში თქვა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს ეკონომიკის დამატებითი სტიმულირების აუცილებლობას, რადგან 2- ტრილიონიანი ფედერალური დახმარების პაკეტი იძლევა ამ კრიზისთან გამკლავების საშუალებას.
აშშ-ში ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებისთვის მსგავსი ზომები ადრეც მიუღიათ — 2008-09 წლების გლობალური კრიზისის დროს — 2009 წლის ეკონომიკის სტიმულირების კანონით 831 მილიარდი დოლარი გამოიყო.
დიდი ბრიტანეთი
გაერთიანებულ სამეფოში ქვეყნისთვის უპრეცედენტო ზომები მიიღეს — გარდა კერძო სექტორისთვის გათვალისწინებული დახმარებისა, რომელიც, „გარდიანის“ მონაცემებით, 350 მილიარდ ფუნტს (434 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს, სამეფო ხაზინა დახარჯავს 78 მილიარდს ფუნტს (97 მილიარდი აშშ დოლარი), რათა კრიზისში მყოფი ობიექტების თანამშრომლებს ხელფასი გადაუხადოს.
კერძოდ, დამსაქმებლებს შეეძლებათ, შესაბამის უწყებებში შეიტანონ განაცხადი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მთავრობა დასაქმებულების ხელფასის 80 პროცენტს გადაიხდის.
განაცხადის დაკმაყოფილებისთვის საჭიროა, კომპანიამ თავისი თანამშრომლები სამსახურიდან ოფიციალურად არ გაუშვას და ისინი კვლავ ირიცხებოდნენ როგორც დასაქმებულები.
მთავრობა ერთ დასაქმებულს მაქსიმუმ 2 500 გირვანქა სტერლინგს გადაუხდის, რაც ქვეყანაში საშუალო შემოსავალზე ოდნავ მეტია.
აშშ-ის ფედერალური რეზერვის მსგავსად, სამეფოს ცენტრალურმა ბანკმა შეამცირა ფინანსირების საპროცენტო განაკვეთი.
გერმანია
“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, გერმანიამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად 750 მილიარდი ევრო გამოყო. აქედან 600 მილიარდი დაიხარჯება ბიზნესსესხების გაცემაზე და კომპანიებში წილების შესყიდვაზე. გერმანიაში 156 მილიარდის დახარჯვას გეგმავენ სოციალური მიზნებისთვის.
ჰონგ-კონგი
ჰონგ-კონგში ჯერ კიდევ თებერვალში, როცა კორონავირუსის ეპიდემია ევროპაში დღევანდელი მასშტაბებით არ იყო გავრცელებული, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეული მოქალაქისთვის კრიზისთან გასამკლავებლად 1 280 დოლარი მიეცა.
ეს ნაბიჯი შედის ჰონგ-კონგის მიერ მიღებული სტიმულირების პაკეტში, რომლის ფარგლებშიც ბიუჯეტიდან 15.4 მილიარდ დოლარი დაიხარჯება. 1 280 დოლარს მიიღებს დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი. ეს ფული „მოხმარების სტიმულირებისა და მოსახლეობის ფინანსური დატვირთვის გასამარტვიებლად“ არის გამოყოფილი.
რუსეთი
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, სხვა ქვეყნების მსგავსად, შეამცირა რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი, ხოლო ბანკებს მოუწოდა, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდინონ.
გარდა ამისა, „სოციალური მხარდაჭერის“ ფარგლებში, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სთხოვა, სახლიდან არ გამოსულიყვნენ და მათ დახმარებასაც დაჰპირდა — 4 000 რუსული რუბლის ოდენობით (დაახლოებით 50 აშშ დოლარი).
ესტონეთი
ესტონეთის ფინანსთა მინისტრმა მარტინ ჰელმემ 10 მარტს დააანონსა, რომ ესტონეთი კორონავირუსის გამო დაზარალებულ კომპანიებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს, ხოლო 30 მარტს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ კომისიამ მოიწონა ესტონეთის მიერ წარდგენილი ორსქემიანი გეგმა კომპანიების დასახმარებლად.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარდაჭერის პირველ სქემას ადმინისტრირებას გაუწევს საჯარო ფონდი „კრედექსი“ (KredEx) და მისი დახმარებისთვის განცხადების შეტანა შეეძლება ყველა კომპანიას, გარდა ესტონეთის მიერ დადგენილი სექტორებისა (სოფლის მეურნეობა, თამბაქო, კლონირება და გენეტიკური მოდიფიცირება).
მეორე სქემა, რომელსაც აგრეთვე საჯარო ფონდი, რეგიონების განვითარების ფონდი გაუწევს ადმინისტრირებას, ითვალისწინებს დახმარებას ყველა კომპანიისთვის, მათ შორის, ზემოთ ჩამოთვლილი სექტორებიდან.
ორივე სქემისთვის, მთლიანობაში, გამოყოფილია დაახლოებით 1.75 მილიარდი ევრო. კომპანიები მიიღებენ სესხს მათთვის კარგი პირობებით, ან სახელმწიფო მათ უკვე არსებული სესხების დაფარვაში დაეხმარება. ესტონეთის მოსახლეობა მხოლოდ 1.33 მილიონია.
ლატვია
როგორც Baltic Course წერს, ლატვიის ცენტრალური ბანკის თავმდჯომარე მარტინ კაზაკსი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე ხანმოკლე იქნება და დაახლოებით ერთი-ორი თვე გაგრძელდება. მისივე თქმით, გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიებს, რომლებსაც კრიზისის შეეხებათ, ოპერირების გაგრძელების საშუალება მიეცეთ, მოქალაქეებმა კი სამსახურები არ დაკარგონ.
ლატვია ბიზნესისა და მოქალაქეების დასახმარებლად 1 მილიარდ ევროს დახარჯავს. ამ ქვეყნის მოსახლეობა 1.9 მილიონია.
ლიეტუვა
როგორც Baltic News Network წერს, „ეკონომიკის წინაშე არსებული უპრეცენდტო გამოწვევის გამო“ ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, გაეზარდა სესხის ლიმიტი 904 მილიონიდან 5.4 მილიარდ ევრომდე. ამ გზით მოძიებული დამატებითი სახსრები ლიეტუვის ეკონომიკის სტიმულირებისთვის და კრიზისის ეფექტების შესამცირებლად იქნება გამოყენებული, აქტივებს კი მთავრობა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც მოიძიებს.
თურქეთი
კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად თურქეთმა პირველ ეტაპზე 15.5 მილიარდი ლირა გამოყო (2.3 მილიარდი აშშ დოლარი).
თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ამ თანხით დაეხმარებიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოამდგენლებს, ექსპორტიორებსა და იმ დასაქმებულებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ. გარდა ამისა, მინიმალური პენსია გაიზარდა 1 500 ლირამდე (230 აშშ დოლარი).
სომხეთი
სომხეთის ხელისუფლება კრიზისთან გასამკლავებლად 300 მილიონამდე აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს. როგორც ხელისუფელბა აცხადებს, პირველ რიგში, დაეხმარებიან იმ ბიზნესებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ – ტურიზმში ჩართულ კომპანიებს, ტექნიკის, ტანსაცელ-ფეხსაცმლის მაღაზიებს და ა.შ. სოციალური დახმარების პაკეტი გათვალისწინებულია ოჯახებისთვის, სადაც არიან 14 წლამდე ბავშვები. გარდა ამისა, დაეხმარებიან 18-წლამდე მოზარდების ოჯახებს, თუ მათი რომელიმე მშობელი უმუშევარია. სომხეთში 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.
აზერბაიჯანი
Azernews-ის ინფორმაციით, როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, კრიზისის დასაძლევად 1 მილიარდი მანათი გამოიყოფა (588 მილიონი აშშ დოლარი) და, ჯამში, 1.9 მილიონამდე ადამიანს შეეხება. აზერბაიჯანში 10 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.
აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, ისინი 110 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებენ უმუშევრად დარჩენილებისთვის. საერთო ჯამში, სხვადასხვა სოციალური მიზნით აზერბაიჯანი 232 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს.