ახალი ამბები

ლევან ბერძენიშვილის თქმით, კვირიკაშვილი ჩინეთს გულისხმობდა და არა ევრაზიულ კავშირს

1 სექტემბერი, 2015 • • 1196
ლევან ბერძენიშვილის თქმით, კვირიკაშვილი ჩინეთს გულისხმობდა და არა ევრაზიულ კავშირს

“ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში. პროდასავალური მიმართულების გარდა ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით”, – ეს განცხადება საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა მისი თანამდებობაზე წარდგენისას. მან ქვეყნის საგარეო ორიენტირის უმთავრეს პრიორიტეტად ევროატლანტიკური მიმართლება დაასახელა.


ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ კვირიკაშვილი თავის განცხადებაში ჩინეთზე საუბრობს და არა ევრაზიულ საბაჟო კავშირზე, რომლის მთავარი დამფუძნებელი რუსეთის ფედერაციაა.


“ეს ნიშნავს იმას, რომ  ჩინეთთან და მძლავრ ქვეყნებთან ვაჭრობა გაიზრდება. არაფერ ცუდს ეს არ ნიშნავს. ჩვენი [საგარეო ]კურსი უკვე განსაზღვრულია. მას არა მინისტრი, არამედ საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს. ქართველმა ხალხმა დიდი ხანია თქვა, რომ დასავლეთი ჩვენი პრიორიტეტია და ამ თვალსაზრისით არანაირი ცვლილება არ იქნება. კვირიკაშვილს კარგად ვიცნობ და მისგან ეს მოსალოდნელი არ არის. ჩინეთის ფაქტორი სერიოზულია, ახალი ბანკი შეიქმნა და მინისტრმა თქვა, რომ ამით დაინტერესებულია, ეს გასაკვირი არ არის. მსოფლიოში ძალიან ბევრი ცვლილება ხდება ამ თვალსაზრისით, მაგრამ  ძირითადად მე ჩინეთს ვხედავ როგორც საინტერესო ეკონომიკურ პარტნიორს, რომელთანაც ყველა თანამშრომლობს. ეკონომიკის მინისტრის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა სწორედ იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება საგარეო ეკონომიკური ინტერესები ინვესტიციების მოზიდვის და სხვა მიმართლებებით…


მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს [პოზიცია] აზიის ახალი ბანკის შექმნასთან დაკავშირებული გამოძახილია. მისი დამფუძნებელბი ჩვენც ვართ. საქართველოს პარლამენტი პირველი იყო, ვინც ეს საკითხი დაამტკიცა, ამით ჩინური მხარე ძალიან გავახარეთ. ეს დიდი ბანკია. ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ ყველა მიმართულებისკენ ვიხედებით”, – უთხრა ბერძენიშვილმა ნეტგაზეთს.


მისივე თქმით, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია სურს და ამიტომაც არსებობს პარლამენტში შესაბამისი დასხელების კომიტეტი:


“ევრაზიასთან არც კომიტეტი გვაქვს და არც სურვილი… სადაა ეს ევრაზია?! შემოეფშვნებათ ხელში, გუშინწინ იტალიელებმა ხმელთაშუა ზღვაში გაზი აღმოაჩინეს  და რუსეთის ისტორია მთავრდება საერთოდ, ევრაზიის კი არა”, – ამბობს დეპუტატი.


ჟურნალისტებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ვერ მოახერხეს კვირიკაშვილისთვის შეკითხვის დასმა და მისი განცხადების დაზუსტება. ბერძენიშვილის თქმით, მათი კომიტეტი საგარეო ბლოკის მინისტრებს მანამდეც იწვევდა პარლამენტში შესახვედრად და ახალი მინისტრის პირობებშიც სურს მთავრობის მოსმენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი