აშშ, შესაძლოა, კორონავირუსული დაავადების — COVID-19-ის გლობალური პანდემიის ახალი ცენტრი გახდეს. ასე მიიჩნევენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში (WHO). ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
„ჩვენ ახლა ვხედავთ აშშ-ში [კორონავირუსით დაავადების] შემთხვევების სწრაფ ზრდას. ამიტომ, შტატებს აქვს პოტენციალი [პანდემიის ცენტრი გახდეს]“, — განაცხადა მარგარეტ ჰარისმა, WHO-ს პრეს-სპიკერმა.
აშშ-ში ამჟამად კორონავირუსით დაავადების 46,369 შემთხვევაა დაფიქსირებული. მნიშვნელოვანი ნაწილი — კალიფორნიაში, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონის შტატში. აშშ ინფიცირებულთა სიმრავლით ამ დროისთვის მესამე ადგილზეა იტალიისა და ჩინეთის შემდეგ.
კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში ასე გამოიყურება:
- დაავადების შემთხვევა: 395,647 მსოფლიოში, 67 საქართველოში
- გამოჯანმრთელების შემთხვევა: 103,317 მსოფლიოში, 9 საქართველოში
- გარდაცვალების შემთხვევა: 17,241 მსოფლიოში, 0 საქართველოში