ევროპელები კორონავირუსთან ბრძოლაში მთავრობებს მხარს უჭერენ – Politico

მიუხედავად იმისა, რომ მათი თავისუფლებისთვის ყველაზე მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა, საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ ჯერჯერობით ევროპელები კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარ ხელისუფლებებს ძირითადად მხარს უჭერენ, – ამ დასკვნამდე მივიდა გამოცემა Politico, რომელმაც ევროპის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები შეაგროვა.

Politico-ს შეფასებით, დახურული საზღვრების, დაკარგული სამუშაო ადგილებისა და შეზღუდვების მიუხედავად, კორონავიურისის კრიზისთან დაკავშირებით ლიდერები “დროშის ირგვლივ  გაერთიანების ეფექტით” სარგებლობენ, რაც ნიშნავს, რომ მთავრობის მხარდაჭერა იზრდება, თუ სიტუაციას აშკარად ცუდად არ ართმევს თავს. (პოლიტიკურ მეცნიერებაში და საერთაშორისო ურთიერთობებში “დროშის ირგვლივ გაერთიანების” ეფექტს უწოდებენ ხელისუფალის მოკლევადიან პოპულარობის ზრდას ომის ან საერთაშორისო კრიზისის დროს, როცა საერთო საფრთხე დაპირისპირებულ მხარეებს აერთიანებს და მთავრობისადმი სოლიდარობას ზრდის). ასევე, ხელისუფალნი მედიის მეტ ყურადღებას იქცევენ და საკუთარი ლიდერული უნარ-ჩვევების წარმოჩენის შანსი აქვთ.

იტალიაში, სადაც კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და პირველად გამოცხადდა კარანტინის რეჟიმი, მოქალაქების 2/3 ამბობს, რომ მთავრობის მიერ გატარებული საპასუხო ზომებით კმაყოფილნი არიან. გამოკითხვა Ixè institute-მა 16-17 მარტს ჩაატარა. გამოკითხულთა მხოლოდ 27%-მა თქვა, რომ უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ ვერ უმკლავდება მთავრობა კრიზისს, ხოლო 5% დარწმუნებული არ არის, მოსწონს თუ არა ხელისფლების მიერ გატარებული ზომები.

ბელგიაში, სადაც ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში დაწესებულია ფართო შეზღუდვები (თუმცა ნაკლებად მკაცრი, ვიდრე იტალიაში), გაზეთ La Libre-ს ონლაინ გამოკითხვის მონაწილეთა 66% აცხადებს, რომ მხარს უჭერენ მთავრობის მიერ გატარებულ საპასუხო ზომებს; 23%-ის აზრით, ეს ზომები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს; 7% კი მიიჩნევს, რომ ისინი ისედაც ზედმეტად მკაცრია.

გერმანია ძირითადად თავს იკავებს მკაცრი შეზღუდვებისგან, თუმცა დახურულია ბევრი მაღაზია, აკრძალულია ტურისტული მიმოსვლა და კაფეებისთვის და რესტორნებისთვის გარკვეულ საათებში მუშაობა შეზღუდულია. კანცლერ ანგელა მერკელის მოწოდების შემდეგ, ქვეყნის 16 ფედერალური შტატიდან ზოგიერთმა კიდევ უფრო გაამკაცრა წესები და ადამიანებს სერიოზული მიზეზის გარეშე სახლიდან გასვლა აუკრძალა. Spiegel-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი მათი ფედერალური შტატის მხრიდან კრიზისის მენეჯმენტით კმაყოფილია, 33% კი  – არა. მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბავარიაში (62%), ბერლინში კი მიღებული ზომები მხოლოდ 38%-ს მოსწონს.

ავსტრიაში, რომელმაც ასევე მკაცრი შეზღუდვები შემოიღო, Gallup Institute-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მთავრობის მხარდაჭერა 63%-დან 88%-მდე გაიზარდა.

გაერთიანებულ სამეფოში Ipsos Mori-ს მიერ გამოკითხულთა  47%-მა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კარგად ართმევს თავს კრიზისს. 38%-ის აზრით, მენეჯმენტი ცუდია. საზოგადოების აზრი ორად გაიყო იმის შესახებ, საკმარისს აკეთებს თუ არა მთავრობა. რესპონდენტების ნახევარმა თქვა, რომ მიღებული ზომები საკმარისი არ არის, 42%-ის აზრით კი, მთავრობამ სწორი ნაბიჯები გადადგა. აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგბი 19 მარტს გამოქვეყნდა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა COVID-19-ის პანდემიის გამო უფრო მკაცრი ზომები 23 მარტს დააანონსა.

Politico-ს თანახმად, ამ დროს განსხვავებულ სურათს აჩევნებენ გამოკითხვები აშშ-ში. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაპირველად არასაკმარისად აფასებდა კორონავირუსის საფრთხეს, გამოკითხვაში, რომელიც ეროვნულმა საზოგადოებრივმა რადიომ მიმდინარე კვირას ჩაატარა, 46%-მა განაცხადა, რომ ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საკმარისს აკეთებს, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი თებერვალში 61% იყო. იმავე გამოკითხვამ აჩვენა, რომ მხოლოდ მოქალაქეების 37%-ს სჯეროდა სრულად პრეზიდენტ ტრამპის, 60% კი დიდად არ ენდობოდა ან საერთოდ არ სჯეროდა, რასაც ის ამბობდა.

რა პროგონზებია ამ მხრივ საქართველოში? გირჩევთ ინტერვიუს სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილთან:

„ვირუსი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ ის დიდი ნაღმიცაა“ – ინტერვიუ


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ოფიციალური მონაცემებით, ახალი კორონავირურით COVID-19-ით მსოფლიოში 334 981 ადამიანი დაავადდა, აქედან 14 652 გარდაიცვალა. WHO-მ ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.