ახალი ამბები

UK-ში იხურება ეკლესიები, 2 პირზე მეტის შეკრება იკრძალება

24 მარტი, 2020 • 1118
UK-ში იხურება ეკლესიები, 2 პირზე მეტის შეკრება იკრძალება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ერის მიმართვისას COVID-19-ის პანდემიის გამო უფრო მკაცრი ზომები დააანონსა. მათ შორისაა მასობრივი კრებების აკრძალვა და ღვისმსახურებისთვის განკუთვნილი ადგილების — ეკლესიების, მეჩეთების და ა.შ. დახურვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ჯონსონის მიერ გამოცხადებული ახალი ზომების თანახმად, მოქალაქეები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია მაღაზიაში გასვლა და სამედიცინო დახმარების საჭიროება.

აიკრძალა ქვეყნის დატოვებაც განსაკუთრებული მნიშვნელობის გარეშე.

მაღაზიები, რომლებშიც სასიცოცხლოდ აუცილებელი საქონელი არ იყიდება, აგრეთვე უნდა დაიკეტონ.

იკრძალება ორ ადამიანზე მეტის შეკრება, თუ ისინი ერთად არ ცხოვრობენ.

იკეტება ბიბლიოთეკებიც, ღია სივრცეში მდებარე სპორტდარბაზებიც, საბავშვო მოედნები და ღვისმსახურებისთვის განკუთვნილი ადგილები — ეკლესიები, მეჩეთები და ა.შ.

მთავრობა აგრეთვე კრძალავს სოციალურ ღონისძიებებს, მათ შორის ქორწილს, ჯვირსწერას და სხვა. ნებადართული მხოლოდ დაკრძალვა რჩება.

ბორის ჯონსონის განცხადებით, მთავრობა დააკვირდება სიტუაციის განვითარებას, ხოლო პოლიციას ზომების დამრღვევებისადმი სანქციების გამოყენების უფლება ექნება. იგი აღნიშნავს, რომ სამ კვირაში სიტუაციის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას ზომების შერბილების შესახებ.


გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით დაავადების 6,724 შემთხვევაა დაფიქსირებული, 335 პაციენტი გარდაიცვალა, 135 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში ასე გამოიყურება:

  • დაავადების შემთხვევა: 372,563 მსოფლიოში, 61 საქართველოში
  • გამოჯანმრთელების შემთხვევა: 100,885 მსოფლიოში, 8 საქართველოში
  • გარდაცვალების შემთხვევა: 16,381 მსოფლიოში, 0 საქართველოში

გარეკანის ფოტო: EPA

 

მასალების გადაბეჭდვის წესი