“ყველაზე მაღალი, 81 ქულა ინგლისურ ენაში ავიღე. დანარჩენში შედარებით ნაკლები, თუმცა, ჩემი ყველა გათვლით, არათუ ჩავრიცხულიყავი, სახელმწიფო გრანტიც უნდა ამეღო. საბოლოოდ, გამოვიდა ისე, რომ ვერ მოვხვდი ვერსად. ილიაუნის დიზაინის ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება”, – ამბობს თინათინ ჯანაშვილი, ერთ-ერთი იმ 700-მდე აბიტურიენტიდან, ვინც მინიმალური ზღვრის გადალახვის მიუხედავად, უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩაირიცხა.
სტუდენტებს, რომლებიც დღეს სამინისტროს შენობასთან მივიდნენ, იდენტური პრობლემა აქვთ – “დავაგროვეთ კარგი ქულები და გარეთ ვრჩებით მაშინ, როდესაც ის სტუდენტები, ვინც ერთი ქულით გადალახა ზღვარი, უმაღლესში ისწავლიან”.
“ილიაუნიში სამართლის ფაკულტეტზე მინდოდა ყველაზე მეტად მოხვედრა. შვიდი ფაკულტეტი შევარჩიე საბოლოოდ, რაც ჩემი შეცდომა იყო. შემეძლო უფრო მეტი მომენიშნა, მათ შორის კერძო სასწავლებლები, სადაც დიდი კონკურსი არ იქნებოდა და აუცილებლად მოვხვდებოდი, მაგრამ ვერ გავთვალე. რას ვიფიქრებდი, რომ საკმაოდ მაღალი ქულებით შესაძლებელი იქნებოდა სახლში დარჩენა. ახლა აქ იმიტომ ვართ, რომ ოღონდ სადმე მოხვდე და სახლში არ ვიჯდე ერთი წელი”, – ამბობს აქციის მონაწილე.
“40, 40, 37 და 70 მიიღო ჩემმა შვილმა. ჯავახიშვილი გვეწერა თითქმის ყველგან, რაც ჩვენი შეცდომა იყო. ამის გამო დავრჩით გარეთ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ვერ მოხვდებოდა ამ ქულებით. ვთხოვთ სამინისტროს, გაითვალისწინოს ჩვენი სიტუაცია და დანიშნოს მეორადი ჩარიცხვები”, – ამბობს აბიტურიენტის მშობელი.
განათლების სამინისტრო და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს არ დაუშვებს მეორად ჩარიცხვებს, რადგან ცენტრმა ბევრჯერ გაფრთხილა აბიტურიენტები, გამოცდებში მიღებული ქულების შემდეგ ფაკულტეტები სიფრთხილით შეერჩიათ, რათა უნივერსიტეტებს მიღმა არ დარჩენილიყვნენ.
“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მთელი წლის განმავლობაში სისტემატიურად ურჩევდა აბიტურიენტებს განაცხადში ყველა იმ ფაკულტეტის მითითებას, რომლებზეც სურდათ სწავლის გაგრძელება (ფაკულტეტების რაოდენობა შეზღუდული არ არის და აბიტურიენტებს იმთავითვე შეეძლოთ ყველა იმ პროგრამის მითითება, რომლებსაც მეორადი ჩარიცხვების შემთხვევაში აირჩევდნენ). აღნიშნული ფორმატი მთლიანად ხსნის მეორადი ჩარიცხვების საჭიროებას”, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ცენტრის ცნობითვე, იმ აბიტურიენთა რაოდენობა, ვინც აღნიშნული საკითხის გამო ვერ მოხვდა უმაღლესში, 1,6%-ია.
წელს ეროვნულ გამოცდებში 39 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა. ოფიციალური ინფორმაციითვე, 28 055 სტუდენტი გახდა, 6 ათასზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა, 3700-ზე მეტი კი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული სპეციალობებზე უფასოდ ისწავლის. უმაღლეს სასწავლბლებში 44 ათასზე მეტი ადგილი იყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ვაკანტური დარჩა 18 ათასზე მეტი ადგილი. თსუ-ში თითქმის ყველა ადგილი შეივსო. მათი ინფორმაციით, არცერთერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩენილა აგრარულ უნივერსიტეტში. ასევე, თითქმის ბოლომდე შეივსო ილიაუნი და თავისუფალი უნივერსიტეტი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვაკანტური ადგილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩა.