ახალი ამბები

მანანა კობახიძე: იმედია, “იმედი” მაყურებელს ანალიტიკური გადაცემების გარეშე არ დატოვებს

30 აგვისტო, 2015 •
მანანა კობახიძე: იმედია, “იმედი” მაყურებელს ანალიტიკური გადაცემების გარეშე არ დატოვებს

“არ ვიცი, რატომ და რისთვის გადაწყვიტა “იმედის” ხელმძღვანელობამ “რეაქციის” დახურვა, მაგრამ მე პირადად და ჩემი რამდენიმე კოლეგა ყოველთვის ვერთვებოდით ინგას [გრიგოლია] გადაცემებში, საკმაოდ პრობლემურ კითხვებზეც ვპასუხობდით, ბევრჯერ საკმარისად მწვავე, მაგრამ საინტერესო ეთერიც გამოგვსვლია და ეს იყო საუკეთესო საშუალება საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. იმედი მაქვს, “იმედი” მაყურებელს არ დატოვებს ანალიტიკური გადაცემების გარეშე და თუ რამ ცვლილება იგეგმება, მხოლოდ საზოგადოების ინტერესებისკენ იქნება მიმართული. რაც მთავარია, ჟურნალისტების პროფესიული თავისუფლება იქნება დაცული”, – წერს მანანა კობახიძე ფეისბუკზე.

 

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელიც “რეაქციის” წამყვანი იყო, ნეტგაზეთთან აცხადებს, რომ ტელეკომპანია “იმედის” მიერ რეიტინგული გადაცემების დახურვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

 

“ორივე რეიტინგული გადაცემაა და არავითარი საფუძველი არა მაქვს ვიფიქრო, რომ მათი დახურვის მიზეზი ფორმატია. ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – განუცხადა ნეტგაზეთს ინგა გრიგოლიამ.

 

მან  ნეტგაზეთთან კომენტირებისას 29 აგვისტოს თავდაპირველად უარყო ინფორმაცია მისი გადაცემის დახურვის შესახებ, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც “იმედმა” განცხადება გაავრცელა, გვითხრა, რომ ნეტგაზეთის კითხვების შემდეგ შეხვდა არხის ხელმძღვანელობას და შეიტყო ინფორმაცია  გადაცემის დახურვის შესახებ.

 

მისი თქმით, მიზეზი მასაც ის უთხრეს, რაც არხის განცხადებაშია ნათქვამი და რისიც არ ჯერა.  

 

გრიგოლია ამბობს, რომ არ გაკვირვებია ეს გადაწყვეტილება. “ყოველი ხელისუფლების დროს ასე ხდება, უკვე აღარ მიკვირს”.

 

ჟურნალისტის თქმით, ტელეკომპანია “იმედს” მისთვის სხვა არაფერი შეუთავაზებია, თუმცა უკვე აქვს სხვა შეთავაზებები.

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ხომ არ შეუთავაზებია არხის ხელმძღვანელობას გადაცემის ფორმატის ცვლილება რამდენიმე თვით ადრე, რადგან თუ მართლა სურდათ ცვლილება, ახალ სატელევიზო სეზონამდე მოესწროთ და არა 2016 წლისთვის, გრიგოლიამ გვიპასუხა, რომ მსგავსი საუბარი არ ყოფილა. 

 

ამ და სხვა კითხვებს ჯერჯერობით არ პასუხობს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა. ნეტგაზეთმა ჯერჯერობით მათთან დაკავშირება ვერ მოახერხა. 

 

ტელეკომპანია “იმედი” აცხადებს, რომ  საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე  დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ – შოუებს.

 

“ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი  და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან” – ნათქვამია განცხადებაში.

 

ამავე განცხადებაში “იმედი”  მადლობას უხდის  გადაცემების გუნდის წევრებს, “რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების შექმნაში”.

 

ეს განცხადება “იმედმა”  29 აგვისტოს, 22.15 საათზე გაავრცელა. მანამდე ტელეკომპანიაში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი