ახალი ამბებისაზოგადოება

ბილეთის ფასი 199 ევროზე მეტი არ იქნება – ევროპიდან ავიარეისები დაიგეგმა

23 მარტი, 2020 •
ბილეთის ფასი 199 ევროზე მეტი არ იქნება – ევროპიდან ავიარეისები დაიგეგმა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილია ავიარეისები სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, კომერციულ რეისებზე ბილეთის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს ნებისმიერი კლასის ბილეთზე. ნეტგაზეთის ინფორმაციით, “ჯორჯიან ეარვეისი” ევროპიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილ სპეცრეისებზე ბილეთების ნაწილს ბოლო დღეებში 2-3 ათასი ლარის ფარგლებში, ან უფრო ძვირად ყიდდა, რის გამოც ადამიანები ვერ ახერხებდნენ მის შეძენას.

ზალკალიანის თქმით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში განხორციელდება შემდეგი სპეცრეისები:

  • 23 მარტი – თბილისი-ბერლინი-თბილისი;
  • 24 მარტი – ბერძნული ავიაკომპანია “ეგეოსის ავიახაზების” სპეცრეისი, რომლის საშუალებითაც საბერძნეთიდან ჩამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეებს და სამშობლოში დააბრუნებენ საბერძნეთის მოქალაქეებს;
  • 26 მარტი – თბილისი-ვენა-თბილისი;
  • 31 მარტი – თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;
  • 3 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი;
  • 7 აპრილი – თბილისი-ათენი-თბილისი;
  • 10 აპრილი – თბილისი-ლარნაკა-თბილისი.

ზალკალიანის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისთან” (“აირზენა”) ერთან მიმდინარეობს მოლაპარკებები შემდგომი რეისების დაგეგმვაზეც. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის საქარველოში ჩამოყვანილია საქართველოს 3 000-მდე მოქალაქე.

საუბრისას ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ სპეცრეისების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგოამრეობა, რათა არ გადაიტვირთოს კლინიკები.


იმის გამო, რომ რეგულარული ავიამიმოსვლა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეჩერებულია, უცხო ქვეყანაში მყოფი ქართველები უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ და მხოლოდ სპეცრეისების იმედად არიან. სპეცრეისები დაგეგმა ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” და ბილეთებიც გაყიდა, თუმცა 22 მარტს გავრცელდა ინფორმაცია ამ რეისების შეფერხების შესახებ. ავიაკომპანიის მენეჯმენტმა აღნიშნილში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა.

თუმცა, საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა “ჯორჯიან ეარვეისის” მენეჯმენტი მოსალოდნელ პასუხისმგებლობაზე გააფრთხილა.

“მე ვფიქრობ, “აირზენას” დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს”, – თქვა გიორგი გახარიამ 23 მარტს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, “ჯორჯიან ეარვეისი” არაგონივრულ თანხას ითხოვს სპეცრეისების შესასრულებლად. გახარიამ აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, გამოიყენოს დროებითი ესპროპპრეაციის ზომა (რაც გულისხმობს ავიაკომპანიის დროებით სახელმწიფოსთვის დაქვემდებარებას) და ასევე, კანონდარღვევის შემთხვევაში მენეჯმენტის სამართლებრივი დევნაც დაიწყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი