მინისტრის თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცების სისტემაზე გადასვლა თავის დროზე, მაშინდელი არსებული საჭიროებებიდან გამომდინარეობდა.
“ასეთი სისტემით რეალურად მოხდა კორუფციის დაძლევა განათლების სისტემაში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას დახვეწა და ცვლილება არ სჭირდება. საგამოცდო სისტემას შევცვლით. შემდეგი აკადემიური წლისთვის არსებული საგამოცდო სისტემა არ იქნება შეცვლილი. სავარაუდოდ, ეს 2017-2018 წლებში განხორციელდება. საგამოცდო სისტემაზეა მიბმული დაფინანსების სისტემაც და ამის შეცვლასაც ვაპირებთ. ანალიზი ჩატარებულია, ხარისხის ეროვნული ცენტრი კონკრეტულ მოდელზე მუშაობს”, – აცხადებს მინისტრი.
როგორც სანიკიძე ამბობს, ისეთი დაფინანსების სქემა უნდა შეთავაზოს სახელმწიფომ უნივერსიტეტებს, რომ უმაღლესი სასწავლებლების მიზანი იყოს ხარისხის უზრუნველყოფა.
“მიზანი უნდა იყოს კარგი სტუდენტის გამოშვება, უხეშად რომ ვთქვათ, და არა რაოდენობაზე საუბარი. საბოლოო ჯამში, სტუდენტის მიერ გადასახდელი თანხა შეიძლება არ გაიზარდოს, თუმცა გაიზარდოს უნივერსიტეტის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. დაფინანსების მოდელზე კონცეფცია მზად უახლოეს პერიოდშივე იქნება”.
ამ კონცეფციაში, როგორც სანიკიძე ამბობს, კერძო უნივერსიტეტებიც იგულისხმება.