“მათი ოჯახის წევრებმა დღემდე არ იციან, რა ბედი ეწია მათ ახლობლებს. უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, ქართველი, აფხაზი და ოსი დედები, მეუღლეები თუ შვილები ცოცხლობენ იმედით, რომ ადრე თუ გვიან შეიტყობენ სიმართლეს დაკარგული ოჯახის წევრებზე. გვსურს, კიდევ ერთხელ გავიზიაროთ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების მწუხარება და დავადასტუროთ ჩვენი მზადყოფნა იმის შესახებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. ვუსამძიმრებთ როგორც ქართველ, ისე აფხაზ და ოს ოჯახებს ძმათამკვლელ ომებში გაუჩინარებული სიცოცხლეების გამო”, – აცხადებს ვოლსკი. 

 

აქვე დეპუტატი მათ წვლილზე საუბრობს, ვინც წლების განმავლობაში დაკარგულ მებრძოლთა მოძიების საკითხში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

 

“კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას საქართველოში 20-წლიანი ისტორია აქვს. არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ღვაწლი და შრომა, რომელიც დაკარგულ მებრძოლთა ოჯახის წევრების მიერ შექმნილმა ფონდმა, – „მოლოდინმა“, – გასწია ომში დაკარგული მებრძოლების მოძიების საქმეში. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია 1996 წელს დაარსებული სახელმწიფო კომისიის წევრებისა თუ ცალკეული პიროვნებების ძალისხმევა, რის შედეგადაც თავის დროზე 250 ადამიანის ნეშტი დაიკრძალა სათანადო პატივით. ათწლიანი პაუზის შემდეგ, 2013 წლიდან საერთაშორისო წითელი ჯვრის დახმარებითა და აფხაზურ მხარესთან განახლებული მოლაპარაკებებისა და მიღწეული შეთანხმების შედეგად შესაძლებელი გახდა, სოხუმში „დიდების მემორიალთან“ არსებული და 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლების სამარხების ექსჰუმაცია. დღეისათვის გადმოსვენებულია 31 ნეშტი, უახლოეს პერიოდში კიდევ 21 მებრძოლი დაიკრძალება მშობლიურ კუთხეში. ესოდენ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისათვის ჩვენი კოლეგების სახელით კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა მოვახსენოთ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“, ევროკავშირსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს”, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

აღნიშნულ საკითხში პარლამენტის წევრი  მადლობას უხდის აფხაზურ მხარესაც.

 

“რომ არა მათი კონსტრუქციული და ჰუმანიტარული მიდგომა ამ მეტად ფაქიზი საკითხისადმი, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ნეშტების გადმოსვენება ვერ მოხერხდებოდა. პოლიტიკურ პოზიციათა სხვაობის მიუხედავად, ჩვენ ყველა – სოხუმშიც, ცხინვალშიც, თბილისშიც, – უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ მუდამ არსებობდა და კვლავაც იარსებებს ისეთი მარადიული ფასეულობები, როგორიცაა დაკარგული შვილის მომლოდინე მშობლის პატივისცემა და მომავალი თაობების უსაფრთხოება”. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *