ნეტგაზეთი | შორი-შორს დადექითო, რომ გეუბნებიან, ეს თქვენთვის ხდება – ილია II შორი-შორს დადექითო, რომ გეუბნებიან, ეს თქვენთვის ხდება – ილია II – Netgazeti

შორი-შორს დადექითო, რომ გეუბნებიან, ეს თქვენთვის ხდება – ილია II

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ დღეს სამების ტაძარში მრევლს მიმართა. ქადაგებაში მან თქვა, რომ კორონავირუსის გამო გატარებული უსაფრთხოების ზომები მათი კეთილდღეობისთვისაა მიღებული.

ილია მეორე ქადაგებაში ამბობს, რომ „დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანის“ და სასუფევლამდე მიმავალი გზა რთულია.

„აი, თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექითო – ეს არის საშუალება, ეს არის მცირე საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ამ სვლაში, ამ რთულ გზაზე.
გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია, ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა. მე სამღვდელოებას ვუთხარი, რომ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენ უფალთან და უფალი დაგვაყენებს მარჯვენა მხარეს,“ – ამბობს ილია მეორე.

პატრიარქის თქმითვე, „ეს ჯვრის გზა, გოლგოთა უნდა გავიაროთ და უფალი გაგვიადვილებს ამ გზას“.

„ეს რაც ხდება, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარშემო დადექითო – ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ განვშორდეთ უფალს.

უფალთან ვიყოთ. აი, ჩვენ რომ ვამბობთმ ჩვენთნ არს ღმერთი ეს არის მთავარი – გვმადლობთ უფალს, რომ სასუფევლის ღირსი გაგხვდადა,“- თქვა ილია მეორემ და მოუწოდა მოქალაქეებს,თავიანთ სახლებში ნაკურთხი წყალი იქონიონ.


საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა დასტურდება, აქედან 3 მოქალაქე გამოჯანმრთელებულია. თუმცა, მიუხედავად ვირუსის გავრცელებისა და გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა – ტაძრებში დღეს საკვირაო წირვა გაიმართა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას პრემიერმა გიორგი გახარიამ თავდაპირველად განაცხადა, რომ 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდებოდა. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ დეკრეტში რაიმე რიცხვი არ წერია;

თალაკვაძემ ასევე დასძინა, რომ „დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რიტუალში მონაწილეობა ამ უფლების ნაწილია“.

ბატონი პრემიერი ბრძანდებოდა საპატრიარქოში – დეკანოზი ჯაღმაიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან