ახალი ამბები

დეკრეტით არ იზღუდება რწმენის თავისუფლება – თალაკვაძე წირვებზე

21 მარტი, 2020 • 2246
დეკრეტით არ იზღუდება რწმენის თავისუფლება – თალაკვაძე წირვებზე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ მოიქცევა სახელმწიფო, თუკი მართლმადიდებელი ეკლესია/მრევლი დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის წესებს და 10-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბება წირვაზე, რაზეც თალაკვაძემ ასე უპასუხა:

„[საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ] დეკრეტში არ არის რაიმე რიცხვი განსაზღვრული, 10, 15 ან 20“;

„მეორეც, სახელმწიფოს და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არსებობს ძალიან ხანგრძლივი, კონსტრუქციული ურთიერთობები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ამ პერიოდში, როცა არის COVID-19-is პანდემია და საქართველომ ეფექტურად მოახერხა ეფექტურად შეკავება პირველ ეტაპზე, თუკი ამის საჭიროება იქნება, იმედი გვაქვს, რომ ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია მაქსიალურად დაეხმარება სახელმწიფოს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება“.

„მესამეც, როგორც დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რიტუალში მონაწილეობა ამ უფლების ნაწილია“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა: „როდესაც არის ეპიდემიის საფრთხე, მთავრობამ უნდა მოძებნოს ბალანსი რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებასა და ჯანმრთელობის უფლებას შორის. შესაბამისად, მთარობას მივეცით უფლება, თუ ეს საჭიროებები [გაჩნდა], თუ ჩვენება შეიცვალ … უფრო მკაცრი შეზღუდვები მიიღოს“.

საპატრიარქოში საგანგებო მდგომარეობაზე დღეს 10 საათზე გაკეთდება კომენტარი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდება.

გიორგი გახარიას ჰკითხეს, ეს შეზღუდვა ეხება თუ არა ეკლესიებსაც, რაზეც მან განაცხადა: „საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“.

წინა დღეს, 20 მარტს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მრავალსაათიანი კრების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად, ეკლესიებში არც მსახურება ჩერდება და არც ზიარების წესი იცვლება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 აპრილს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი