ახალი ამბები

ქუთაისში ავტობუსის მძღოლი მოკლეს, ერთი კაცი დაჭრეს

21 მარტი, 2020 • 1825
ქუთაისში ავტობუსის მძღოლი მოკლეს, ერთი კაცი დაჭრეს

დღეს ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე სამარშრუტო ავტობუსის მძღოლი მოკლეს და ერთი ადამიანი დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს – 1957 წელს დაბადებულ ბ.თ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გ.ბ.-მ ამავე ავტობუსის დამხმარე მძღოლი – 1974 წელს დაბადებული მ.ჩ.-ც დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს.

დაკავებულია 1974 წელს დაბადებული პირი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ. .

პოლიციის თანახმად მათ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

განზრახ მკვლელობის ბრალდება 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი