ახალი ამბები

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

21 მარტი, 2020 • 2078
პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ერთი საათით ადრე განაცხადა, რომ საქართველო გადადის კორონავირუსის ქვეყნის შიგნით გავრცელების ეტაპზე და ამის თავიდან ასარიდებლად ერთთვიან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

გიორგი გახარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წარდგინებით მიმართა — საგანგებო მდგომარეობას პრეზიდენტი აცხადებს და პარლამენტი ამტკიცებს. „ძირითადი ამოცანაა, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

„გავიმარჯვებთ ერთიანობით და თვითშეგნებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 47 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგანაც ერთი გამოჯანმრთელდა.

ზურაბიშვილის თანახმად, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გამოსცემს დეკრეტს, რომლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები; საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა.

ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.

„ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს. შეზღუდვების დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნა ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ იქნა შეზღუდული არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და საზოგადოების ინფორმირება“.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის არც სრული კარანტინი, არც კომენდანტის საათის გამოცხადება.

„ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე მოქალაქეების პასუხისმგებლობა და თვითშეგნება აუცილებელია საგანგებო რეჟიმის წარმატებისთვის და განაპირობებს იმას, რომ შემდეგ ეტაპზე არ დაგვჭირდეს ამ რეჟიმის გამკაცრება. ყველა მოქალაქეს ვთხოვ მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენას, მაქსიმალურ სიფრთხილეს და სოციალური დისტანცირების ნორმების შენარჩუნებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი