ახალი ამბები

საგანელიძის ინფორმაციით, ინვესტორებს ჩინეთიდან ქუთაისში ავტოქარხნის ამუშავება სურთ

26 აგვისტო, 2015 •
საგანელიძის ინფორმაციით, ინვესტორებს ჩინეთიდან ქუთაისში ავტოქარხნის ამუშავება სურთ

“ჩინური მხარე ქუთაისის ყოფილი ავტოქარხნით დაინტერესდა და მის ტერიტორიაზე ჩინეთის საავტომობილო ქარხნის წარმომადგენლობის გახსნის იდეა გამოთქვა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხევაში ქუთაისის ავტოქარხანაში ავტომობილების აწყობა და მათთვის საჭირო დეტალების დამზადება მოხდება, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების ბაზრისთვის იქნება იმპორტირებული. დავით საგანელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ჩინური მხარე საქართველოს და ამიერკავკასიის რეგიონის ბაზრის შესწავლას აწარმოებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის მხრიდან საქართველოში ინვესტიციების ჩადების დიდი სურვილი არსებობს, რაც ხელსაყრელი ბიზნესგარემოთი არის განპირობებული. შეხვედრის დასასრულს, გაო ფანგმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან გამართულ შეხვედრით კმაყოფილება გამოთქვა და დავით საგანელიძეს საჩუქრად ჩინური ავტომობილის პატარა მოდელი გადასცა”, – ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ჩინეთის დალიანის პროვინციის სახალხო მთავრობის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ჰან ქიანგისთან გამართული შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო დელეგაციის ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტის დეტალები და 9-11 სექტემბერს გასამართ დაოსის აზიის ეკონომიკური ფორუმის საკითხები განიხილეს.
 
 
“აღინიშნა, რომ დალიანის პროვინციასთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების მიზნით დაგეგმილია დალიანის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამეგობრების მემორანდუმის გაფორმება, რომლის ხელმოწერაც ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგება. დალიანის პროვინციის წარმომადგენლობითი დელეგაცია ელმავალ და ვაგონმშენებელ ქარხნებს შორის თანამშრომლობის საკითხითაც დაინტერესდა. ფან ქიანგიმ დალიანის პროვინციაში ქართული კულტურული დღეების გამართვის სურვილიც გამოთქვა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიესალმა და ღონისძიების ორგანიზებაში დახმარება აღუთქვა. დავით საგანელიძის შეფასებით, ჩინეთის სამთავრობო და ბიზნესსექტორის დაინტერესება საქართველოს მიმართ უფრო და უფრო ღრმავდება, რასაც მოწმობს ორმხრივი ვიზიტები და ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის პრესსამსახური ავრცელებს.
 
 
მიმდინარე წლის 20 მაისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ჰუალინგ ჯგუფის“ კომპანია შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATION INDUSTIAL INVESTMENT GROUP LTD“–ის დირექტორმა შაო სიაო ძინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“.

ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ი საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიქმნა და მისი ფუნქციონირების ვადად 30 წელი განისაზღვრა. თიზ-ი ფუნქციონირებას დაიწყებს ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მისთვის გამოყოფილ 359251.00 კვ.მ ტერიტორიაზე. თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან მთელი პერიოდის განმავლობაში თიზ-ში დასაქმებულთა, მათ შორის მუდმივად დასაქმებულთა, არანაკლებ 75% იქნება საქართველოს მოქალაქე. 

“ეს ხელშეკრულება პირდაპირ პასუხობს იმ სულისკვეთებას, რაც არსებობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაფართოებისა და განვითარების კუთხით. ეს არაერთხელ გამოიხატა და დაფიქსირდა კიდეც ჩვენი სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ინვესტორი, რომელიც შარშან, მესამე კვარტლის მონაცემებით, იყო ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში, კვლავაც განაგრძობს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მზად არის, ყველანაირად შეუწყოს ხელი ამ სულისკვეთებას“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ თიზ-ის შესაქმნელად განხორციელდება 40 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია.

კომპანიის ინფორმაციით, ინვესტიციები თიზ-ის ტერიტორიაზე განხორციელდება როგორც თიზ-ის ორგანიზატორის (ძირითადად, ინფრასტრუქტურის მოწყობის დასასრულებლად), ასევე, უცხოელი ინვესტორების მიერ წარმოების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის არის ხე-ტყისა და ხის მასალის გადამუშავება, სხვადასხვა სახის ავეჯის (მათ შორის, საოფისე) წარმოება, ქაღალდის წარმოება; სამშენებლო მასალების წარმოება – მათ შორის მეტალო-კონსტრუქციების; დსპ-ს, მდფ-ის, კარ-ფანჯრების, პარკეტის წარმოება და სხვა; ასევე ბუნებრივი ქვებისა და ნედლეულის გადამუშავება  სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მიზნებისთვის (ქვის ბლოკები, მოსაპირკეთებელი მასალა, კრამიტი, აბაზანის მოწყობილობები, ქვის ავეჯი და სხვა);  გარდა ამისა, დაგეგმილია ინვესტიციების მოზიდვა მსუბუქი მრეწველობის სხვადასხვა დარგში, კერძოდ, ტექსტილის, ქიმიური, კვების პროდუქტების, საკანცელარიო საქონლის და მინის პროდუქციის წარმოებაში.

ქუთაისში კომპანია  „GEORGIAN HUASHUN INTERNATION INDUSTIAL INVESTMENT GROUP LTD“-ის  მიერ მის საკუთრებაში არსებულ როგორც თიზ-ისთვის განკუთვნილ, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე განხორციელებულია ინვესტიციები როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ასევე, წარმოების ხელშეწყობისთვის. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, რეაბილიტირებული და აშენებულია გზები, მოწესრიგებულია ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, გაზმომარაგებისა და საკანალიზაციო-სანიაღვრე ინფრასტრუქტურა, შეძენილია შესაბამისი ტექნიკა და მოწყობილობები (ტრანსფორმატორები, ელექტროგამანაწილებელი ყუთები, წყლის მილები). მათივე ინფორმაციით, აშენდა ღობე და მოეწყო საბაჟო გამშვები პუნქტი, განხორციელდა გამწვანების სამუშაოები და რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 20 ძველ შენობა-ნაგებობას. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ავეჯის, ქვის გადამამუშავებელი, რკინის კონსტრუქციებისა და მატრასების დამამზადებელი საწარმოები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი