ახალი ამბები

პატიმრების “სოფოსბუვირით” მკურნალობა 27 აგვისტოდან იწყება

26 აგვისტო, 2015 •
პატიმრების “სოფოსბუვირით” მკურნალობა 27 აგვისტოდან იწყება

სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე ახალი პრეპარატით მკურნალობის კურსში 5 პატიმარი ჩაერთვება.

 

“წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოხდება დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დარეგისტრირება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, მოხდება მათი პროგრამაში ჩართვა.

 

ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად მომზადებულია და კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება  150 პაციენტი”, – აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

 

ახალი გენერაციის ანტივირუსული პრეპარატის, სოფოსბუვირის ეფექტურობა 90 პროცენტს აღწევს. პრეპარატით მკურნალობას 12 ან 24 კვირა (ვირუსის გენოტიპის მიხედვით) ჭირდება და მკურნალობისას არ ფიქსირდება გვერდითი მოვლენები. მედიკამენტი თერაპიის დაწყებიდან 24 კვირაში მდგრად ვირუსოლოგიურ პასუხს იძლევა.

 

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელების ინიციატივით 2013 წელს სისტემაში ვირუსული C ჰეპატიტის პროგრამა დაიწყო. ახალი პრეპარატი „სოფოსბუვირი“ C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის საუკეთესოა.

 

“თავდაპირველად მსჯავრდებულებს „ინტერფერონითა“ და „რიბავერინით“ მკურნალობდნენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრეპარატები საკმარისად ეფექტური იყო, მათ სერიოზული გვერდითი მოვლენები ქონდა. შესაბამისად, ამერიკული ფარმაკოლოგიური კომპანიის მიერ C ჰეპატიტის სამკურნალოდ წარმოებული პრეპარატის შემოტანის საჭიროება დადგა”, – აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

 

შეგახსენებთ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი