კოალიცია ”მედია ადვოკატირებისათვის” მთავრობას მოწოდებს, დაუყონებლივ მოეხსნას ინკასო ტელეკომპანიებს.
“2020 წლის 20 მარტს გავრცელდა ინფორმაცია ტელეკომპანიების, ტვ “პირველის” და” მთავარი არხის” ანგარიშებზე საგადასახადო ინკასოს დადების შესახებ. მოგვიანებით, მთავრობამ ეს საკითხი რიგით გადაწყვეტილებად განმარტა.
ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის. დღეს კი მედიის შეუფერხებლად მუშაობა, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აასმაგებს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს დროებითი ზომები და დაუყოვნებლივ მოეხსნას ინკასო ტელეკომპანიებს”, – აცხადებს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის.
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, 20 მარტს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ტელეკომპანიებს ინკასო დაედოთ ავტომატურად და კონკრეტულად მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვინმეს არ მიუღია.
“დღეს, 18:30 საათზე, იანვრის თვის საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის გამო, ინკასო დაგვადეს. იმის გამო, რომ საკმარისი შემოსავლები არ გვქონდა, ვერ შევძელით გადახდა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” “მთავარი არხის” წარმომადგენელმა თამთა მურადაშვილმა.
რაც შეეხება ტვ “პირველს”, აღნიშნული ტელეკომპანია აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურს 19 მარტს მიმართა თხოვნით გადასახადის გადასახდელად დამატებით 10-დღიანი ვადის მიცემასთან დაკავშირებით, თუმცა, უშედეგოდ.