ახალი ამბები

“მთავარი არხის” ანგარიშებს ინკასო დაადეს – მელაძე

20 მარტი, 2020 • 2256
“მთავარი არხის” ანგარიშებს ინკასო დაადეს – მელაძე

“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ტვ “პირველთან” ერთად, შემოსავლების სამსახურმა ინკასო “მთავარი არხის” ანგარიშებსაც დაადო.

“მაშინ, როდესაც ბიზნესი კრიზისშია, შესაბამისად, ვერც ტელევიზიებს ურიცხავს სარეკლამო მომსახურების თანხას, ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მედიის მუშაობა არაა საჭირო და ინკასო დაადო ორ ტელევიზიას – მთავარ არხს და ტვ პირველს,” – წერს მელაძე Facebook-ზე.

“მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ იანვრის საშემოსავლო გადასახადი ვერ გადაიხადეს, რის გამოც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს, 20 მარტს, მაუწყებლის ანგარიშებს ინკასო დაადო. კითხვაზე, მიმართავენ თუ არა უწყებას დავალიანების გადანაწილება/გადავადების თხოვნით, მურადაშვილი გვპასუხობს, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ, თუმცა, მისი თქმით, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ გარკვეული შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგას.

“დღეს, 18:30 საათზე, იანვრის თვის საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის გამო, ინკასო დაგვადეს. იმის გამო, რომ საკმარისი შემოსავლები არ გვქონდა, ვერ შევძელით გადახდა”,-ამბობს მურადაშვილი. ნეტგაზეთი შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა. მათ კომენტარს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი