ახალი ამბები

მაჭავარიანი: ინკასო რამდენიმე ათას კომპანიას დაედო, ტელევიზიები არ არიან გამონაკლისი

20 მარტი, 2020 • 2303
მაჭავარიანი: ინკასო რამდენიმე ათას კომპანიას დაედო, ტელევიზიები არ არიან გამონაკლისი

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, 20 მარტს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ტელეკომპანიებს ინკასო დაედოთ ავტომატურად და კონკრეტულად მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვინმეს არ მიუღია.

“კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩვენ რამდენიმე კვირის წინ წარვადგინეთ გადასახადის გადავადების პაკეტი იმ სექტორისთვის, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ეს ეხება ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადავადებას 1 ნოემბრამდე. ამისთვის მათ უნდა მიემართათ შემოსავლების სამსახურისთვის. სხვა ყველა დანარჩენო სფეროს შემთხვევაში სისტემა ავტომატურად ფუნქციონირებს. შესაბამისად, ინკასოს დადებაც ავტომატურად ხდება. ტელევიზია ან სხვა კომპანია არანაირ გამონაკლისს არ წარმოადგენს”, – თქვა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ტელევიზიებს, რომლებსაც ბიუჯეტის მიმართ მილიონობით ლარის დავალიანება ჰქონდათ, ჯერ კიდევ კორონავირუსის ეპიდემიამდე გაუფორმდათ ვალის რამდენიმე წელზე გადანაწილების ხელშეკრულება. თუმცა, როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, ამ ეტაპზე რაიმე საგამონაკლისო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

ფინანსთა მინისტრის თქმით, იმის მიხედვით, თუ დაზიანება რა მასშტაბებს მიაღწევს და რა ტიპის კომპანიები დაზარალდებიან, ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებებს და იფიქრებს კონკრეტულ საშეღავათო წინადადებებზე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია “მთავარსა” და ტვ “პირველს” გადასახადის გადაუხდელობის გამო ინკასო დაედოთ.

დღეს, 18:30 საათზე, იანვრის თვის საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის გამო, ინკასო დაგვადეს. იმის გამო, რომ საკმარისი შემოსავლები არ გვქონდა, ვერ შევძელით გადახდა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” “მთავარი არხის” წარმომადგენელმა თამთა მურადაშვილმა.

რაც შეეხება ტვ “პირველს”, აღნიშნული ტელეკომპანია აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურს 19 მარტს მიმართა თხოვნით გადასახადის გადასახდელად დამატებით 10-დღიანი ვადის მიცემასთან დაკავშირებით, თუმცა, უშედეგოდ.

კორონავირუსი: რა ელის მედიის სარეკლამო შემოსავლებს?

მასალების გადაბეჭდვის წესი