მიმართვის პასუხს, რომელიც ქსელს კონფიდენციალურად გადაეგზავნა, კომპანია საჯაროდ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს.
კომპანია ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების საკითს ეხმაურება და აცხადებს, რომ სს „ფუდმარტის“ ყველა დასაქმებულს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნაზღაურდება 48 საათს ზევით ნამუშევარი საათები. დასაქმებულთა პრეტენზია ზეგანაკვეთურ სამუშაო საათებთან დაკავშირებით კი კანონმდებლობის არასწორად/შეცდომით აღქმითაა განპირობებული და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ასევე, შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს ღამის სამუშაოს განსხვავეულ ანაზღაურების წესს. ამიტომ, კომპანიის განცხადებით, მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
კომპანიის თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა არსებული შრომითი ხელშეკრულების პირობების გადახედვა და ახლის შემუშავება იყო. რაზეც კომპანიას შემდეგი პასუხი აქვს:
“ყველა დასაქმებულს გაფორმებული აქვს შრომითი ხელშეკრულება, სადაც დეტალურადაა გაწერილი მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხები. იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმებულების საქმიანობა დაკავშირებულია მატერიალურ ფასეულობებთან, ვერ გავათავისუფლებთ შესაბამისი, მათ პროპორციული პასუხისმგებლობისაგან. თქვენი პოზიცია, რომ დასაქმებულებს აქვთ მიზერული ხელფასი, არის უსამართლო, ვინაიდან სს „ფუდმარტში“ დასაქმებული პირების ხელფასი არის ბაზარზე არსებული ანალოგიურ პოზიციაზე დასაქმებული პირების ხელფასის ტოლფასი. საბონუსე სისტემასთან დაკავშირებით მივანდოთ საკითხის გადაწყვეტა კომპანიის მენეჯმენტს.”
მოლარე-კონსულტანტები მიმართვაში აცხადებნენ, რომ მათ სხვა დამატებითი ფუნქციების შეთავსებაც უწევდათ. სს “ფუდმარტის” წერილში ნათქვამია, რომ თუ მოლარე-კონსულტანტს უხდება სხვა დამატებითი/განსხვავებული სამუშაოს შესრულება, ეს დაკავშირებულია ობიექტზე შექმნილი ვითარებასთან, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობით არის გამოწვეული. კომპანია აღნიშნულთან დაკავშირებით შეეცდება მიიღოს შესაბამისი ზომები.
კომპანიის განცხადებით, ობიექტებზე დაცვის განთავსების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან კომპანიაში მოქმედებს გენერალური ინსპექციის სამსახური, რომელიც პერიოდულად, მათ შორის ღამის საათებში, რეგულარულად ამოწმებს მაღაზიებს და ყველა ობიექტზე განთავსებულია სათვალთვალო კამერები.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი შრომის ხელშეკრულებას გავლილი აქვს სხვადასხვა იურიდიული კომპანიის სამართლებრივი ანალიზი და სრულად აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს, ამიტომ კომპანიაში შრომითი ხელშეკრულების შინაარსის ცვლილებას გამორიცხავენ.
კომპანია არ აპირებს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომლის მკაცრ დამოკიდებულებაზე თანამშრომლების მიმართ მიმართვის ავტორები აპროტესტებდნენ. კომპანია აცხადებს, რომ იგი ზედმიწევნით კეთილსინდისიერად უძღვება დაკავებულ პოზიციას
სს “ფუდმარტი” სოლიდარობის ქსელისაგან მოითხოვს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სოლიდარობის ქსელის წევრებმა უარყონ. წინააღმდეგ შემთვევაში კომპანია კანონის შესაბამისად იმოქმედებს რეპუტაციის დასაცავად:
“თქვენი მხრიდან შრომითი ურთიერთობა განხილულია მიკერძოებულად და ცალმხრივად. უფრო მეტიც, სოციალურ ქსელში განთავსებული გაქვთ კომპანიის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შემლახველი არასწორი ინფორმაცია, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს გარკვეულ პასუხისმგებლობებს. მოგმართავთ მოთხოვნით, არაუგვიანეს წინამდებარე წერილის ჩაბარებიდან 1 (ერთი) დღის განმავლობაში, იმავე სოციალური ქსელის მეშვეობით საჯაროდ უარყოთ განთავსებული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულნი ვიქნებით ვიმოქმედოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად”.
საპასუხო წერილის მიღების შემდეგ თბილისის სოლიდარობის ქსელის წევრები ახალ განცხადებას ავრცელებენ და კომპანიის თანამშრომლებს მოუწოდებენ დაიცვან თავიანთი შრომის უფლებები:
“მოგმართავთ თხოვნით ამ სუპერმარკეტების ყველა თანამშრომელს, გამოუცხადოთ სოლიდარობა ერთმანეთს და დადგეთ თქვენი უფლებების სადარაჯოზე, რაც აუცილებლად შეცვლის თქვენს სამუშაო პირობებს, იმ გარემოს, სადაც ატარებთ თქვენი დროის უმეტეს ნაწილს. დავანახოთ კომპანიის ადმინისტრაციას, რომ მათ მოუწევთ შეცვალონ გულგრილი დამოკიდებულება, თუ ჩვენ გავერთიანდებით, რადგან ცვლილებების დროა!” – ნათქვამია განცხადებაში.
სუპერმარკეტების ქსელის – “იოლის”, “სპარისა” და “ფუდმარტის” თანამშრომლები არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. განცხადებით მათ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი კასრაძეს 13 აგვისტოს მიმართეს. სუპერმარკეტების ქსელის თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვაში “თბილისის სოლიდარობის ქსელი” ეხმარება.