საქართველოს პარლამენტმა 87 ხმით, მესამე მოსმენით, დაამტკიცა რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატის წარდგენის პროცედურას განსაზღვრავს.
საქართველოს მთავრობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ წარსადგენ ერთ ან მეტ კანდიდატს პარლამენტს გაუგზავნის. მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატის წარდგინება, თანდართულ მასალებთან ერთად, გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც განსაზღვრავს საკითხის განმხილველ კომიტეტს ან კომიტეტებს. მოსამართლეობის კანდიდატს კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოუსმენენ და დაადგენენ, შეესაბამება თუ არა კანდიდატი რომის წესდების მოთხოვნებს. კომიტეტი დასკვნას ფარული კენჭისყრით მიიღებს. მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე, ასევე, ფარულად უყრის კენჭს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად კანდიდატად წარდგენილი იქნება მთავრობის მიერ შერჩეული მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც კენჭისყრისას მიიღებს პარლამენტის წევრთა მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის უმრავლესობისა. ერთი და იმავე კანდიდატურის ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტისთვის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
საქართველოს ამ დრომდე არ ჰყოლია ჰააგის სასამართლოში მოსამართლე. მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევი წესი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საფუძველი გახდა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესი მთავრობამ მიმდინარე წლის 30 იანვარს დაამტკიცა. აღნიშნული წესის მიხედვით, იუსტიციის სასწავლო ცენტრი აწარმოებს საკონკურსო განაცხადების პირველად შერჩევას და პროფესიული ტესტირების ადმინისტრირებას, რომლის შედეგებსაც შეაფასებს სპეციალური კონსულტანტი (ან კონსულტანტები). ტესტირებაში საუკეთესო შედეგების მქონე 5 კანდიდატი წარედგინება საქართველოს მთავრობას. კანდიდატი სრულად უნდა ფლობდეს ჰააგის სასამართლოს ერთ-ერთ სამუშაო ენას (ინგლისური ან ფრანგული), იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი და არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. ამასთნ, კანდიდატს აღნიშნული განათლება და გამოცდილება უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.
“სამწუხაროა, რომ საზოგადოების მხრიდან არსებული ინტერესისა და საქართველოს კოალიციის მიერ გამოთქმული მზადყოფნის მიუხედავად, მთავრობის მიერ დამტკიცებული შერჩევის წესი შემუშავდა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისა და ექსპერტების ჩართულობის გარეშე. უფრო მეტიც, წარმოდგენილი ახალი წესით, არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და მათი ჩართულობა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის სხვა ეტაპზეც არ არის გათვალისწინებული”, – ნათქვამია “სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის” წევრი ორგანიზაციების განცხადებაში.