ახალი ამბები

აშშ–მ ფატუ ბენსუდას ვიზა გაუუქმა

6 აპრილი, 2019 • 2400
აშშ–მ ფატუ ბენსუდას ვიზა გაუუქმა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეს, ფატუ ბენსუდას, ქვეყანაში შესასვლელი ვიზა გაუუქმა. BBC-ის ცნობით, გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, აშშ–ის პასუხია ბენსუდას გამოძიებისადმი, რომელიც ავღანეთში ამერიკული ძალების მიერ ომის შესაძლო დანაშაულების ჩადენას ეხება.

აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) აქამდეც აფრთხილებდა, შეეწყვიტა ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებების გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ  სასამართლოს პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ მკაცრი სანქციების ამოქმედებას აანონსებდა. კერძოდ, საუბარი იყო მათი ანგარიშების გაყინვაზე აშშ–ში, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასა და ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე.

ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი ასევე ამბობდა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო “არალეგიტიმური” ორგანოა და აშშ ყველაფერს გააკეთებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად.

აშშ–ს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ფატუ ბენსუდას ოფისი, რომელიც ამბობს, რომ გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას “შიშისა და მიკერძოების” გარეშე.

სწორედ ICC-ის პროკურორი ფატუ ბენსუდა იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებს. ფატუ ბესნუდა ამ საქმის გამოსაძიებლად და მოწმეების დასაკითხად უკვე არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში.

BBC მიმდინარე პერიოდში იტყობინებოდა, რომ ავღანეთის საკითხის გარდა, აშშ-ის განაწყენების სხვა მიზეზებიც არსებობს. ერთ–ერთია ICC-ის 2016 წლის ანგარიშიც, სადაც წერია, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს (CIA) ავღანეთში მოწყობილი ჰქონდა საიდუმლო ციხეები, სადაც პატიმრებს აწამებდნენ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ომის შესაძლო დანაშაულებები ჩაიდინა როგორც ავღანეთის მთავრობამ, ისე – თალიბანმა.

სანქციები და მუქარა შეიძლება განპირობებული იყოს პალესტინის სურვილითაც, სასამართლომ გამოიძიოს პალესტინაში ისრაელის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC) გაერომ 2002 წელს შეთანხმებით დააფუძნა და მას მსოფლიოს 123 ქვეყანა შეუერთდა, თუმცა ამ შეთანხმებას არ შეუერთდა სახელმწიფოების ნაწილი, მათ შორის, რუსეთი, ჩინეთი და აშშ. თუმცა შეთანხმება რატიფიცირებული აქვს ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობას. აღნიშნული სასამართლო იძიებს ომის დანაშაულებებს, გენოციდსა და დანაშაულებებს კაცობრიობის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული სასამართლოები ამას არ აკეთებენ. გარდა ამისა, აღნიშნული სასამართლო წყვეტს კონკრეტულ პირთა ბრალეულობისა და პატიმრობის საკითხსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი