ახალი ამბები

ICC გმობს აშშ-ის მიერ ფატუ ბენსუდასთვის სანქციების დაწესებას

3 სექტემბერი, 2020 • 1834
ICC გმობს აშშ-ის მიერ ფატუ ბენსუდასთვის სანქციების დაწესებას

აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მაღალჩინოსნებს, მათ შორის მთავარ პროკურორ ფატუ ბენსუდას, სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაადანაშაულა არალეგიტიმურ მცდელობაში, ამერიკელები ICC-ის იურისდიქციას დაუქვემდებაროს”.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივნისში გამოსცა განკარგულება, რომელიც აშშ-ის საშუალებას აძლევს, დაბლოკოს ICC-ის თანამშრომლების აქტივები და შეუზღუდოს მათ შეერთებულ შტატებში შესვლა. პომპეოს თქმით, აღნიშნული განკარგულების საფუძველზე სანქციები დაუწესდათ ფატუ ბენსუდას და ICC-ის იურისდიქციის, კომპლემენტარობისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორ ფაკისო მოჩოჩოკოს.

პომპეომ, რომელმაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სრულიად შერყეულ და კორუმპირებულ ინსტიტუტად მოიხსენია, თქვა, რომ სანქციების რისკის ქვეშ არიან ისინიც, ვინც მატერიალურად უზრუნველყოფენ ICC-ის მაღალჩინოსნებს.

ჰააგაში ბაზირებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი ამჟამად ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ შესაძლო ჩადენილ ომის დანაშაულებს იძიებს. შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების ხელმომწერი არ არის და სასამართლოს დაფუძნების დღიდან აკრიტიკებდა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აშშ-ის ეკონომიკურ სანქციებს გმობს და აცხადებს, რომ ახალი ზომები, რომლებიც შემოღებულია აშშ-ის პრეზიდენის 11 ივნისის განკარგულების შესაბამისად, ICC-ის სასამართლო და საბრალდებო დამოუკიდებლობაში ჩარევის კიდევ ერთ მცდელობას წარმოადგენს.

“ეს იძულებითი მოქმედებები, მიმართული საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტებისა და მათი დასაქმებულების მიმართ, უპრეცედენტოა და წარმოადგენს სერიოზულ თავდასხმას სასამართლოზე, რომის სტატუტის სისტემაზე და ზოგადად, კანონის უზენაესობაზე”, – ნათქვამია ICC-ის განცხადებაში.

აშშ აქამდეც აფრთხილებდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), შეეწყვიტა ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებების გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ მკაცრი სანქციების ამოქმედებას აანონსებდა. კერძოდ, საუბარი იყო მათი ანგარიშების გაყინვაზე აშშ-ში, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვასა და ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე. უფრო ადრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას ქვეყანაში შესასვლელი ვიზა გაუუქმა.

მიმდინარე პერიოდში BBCიტყობინებოდა, რომ ავღანეთის საკითხის გარდა, აშშ-ის განაწყენების სხვა მიზეზებიც არსებობს. ერთ-ერთია ICC-ის 2016 წლის ანგარიში, სადაც წერია, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს (CIA) ავღანეთში მოწყობილი ჰქონდა საიდუმლო ციხეები, სადაც პატიმრებს აწამებდნენ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ომის შესაძლო დანაშაულებები ჩაიდინა როგორც ავღანეთის მთავრობამ, ისე – თალიბანმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) გაერო-მ 2002 წელს რომის წესდებით დააფუძნა და მას მსოფლიოს 123 ქვეყანა შეუერთდა. რომის სტატუტის წევრია ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა, თუმცა სახელმწიფოთა ნაწილი, მათ შორის, რუსეთი, ჩინეთი და აშშ შეთანხმებას არ შეუერთდნენ. აღნიშნული სასამართლო იძიებს ომის დანაშაულებებს, გენოციდსა და დანაშაულებებს კაცობრიობის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული სასამართლოები ამას არ აკეთებენ. გარდა ამისა, აღნიშნული სასამართლო წყვეტს კონკრეტულ პირთა ბრალეულობისა და პატიმრობის საკითხსაც.

სწორედ ICC-ის პროკურორი ფატუ ბენსუდა იძიებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებს. ფატუ ბენსუდა ამ საქმის გამოსაძიებლად და მოწმეების დასაკითხად უკვე არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში.

აშშ–მ ფატუ ბენსუდას ვიზა გაუუქმა

მასალების გადაბეჭდვის წესი