26 ივლისის “იმედის კვირის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ შეურაცხყოფენ მამაკაცის ოჯახის წევრები და მეზობლები ქალს, რომელიც, მათი მტკიცებით, “ქალიშვილი არ აღმოჩნდა” და ქმარმა სცემა.
ბრალდებული პოლიციამ დააკავა. მას ბრალად ედება ოჯახში ძალადობა (126 პრიმა მუხლი) და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება (138 მუხლი) მეუღლის მიმართ. აღნიშნული საქმეზე სასამართლო სხდომები დახურულია. მორიგი სხდომა დღეს გაიმართა.
“ჩვენ ზუგდიდის სასამართლოსთან სოლიდარობის აქცია გავმართეთ დაზარალებულის მხარდასაჭერად. შენობასთან მობილიზებული იყვნენ მოძალადის ოჯახის წევრებიც, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. დაგვჭირდა საპატრულოს გამოძახებაც, რათა ხელი არ შეგვშლოდა აქციის გამართვაში. პოლიციამ გაარიდა ისინი, თუმცა ბრალდებულის ოჯახის წევრები შორიდანაც ახერებდნენ ჩვენს შეურაცხყოფას”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში აქციის მონაწილე, ბაია პატარაია.
როგორც ბაია პატარაია ამბობს, დაზარალებული ქალის და მისი ოჯახის მიმართ ყოფილი დედამთილი და მული კვლავ ახორიცელებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
“მიგვაჩნია, რომ დამნაშვე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს”, – ამბობს უფლებადამცველი.
სოლიდარობის დღევანდელი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გმობენ ქალის მჩაგვრელ ტრადიციებს და ქალწულობის შემოწმებას და მოითხოვენ სქესობრივი განათლების უზრუნველყოფას, რომელიც, მათი განმარტებით, გააქარწყლებს მითებს და სწორ ინფორმაციას მიაწვდის ადამიანებს რეპროდუქციისა და სქესობრივი ჯანმრთელობის შესახებ.
“ქალისათვის საქალწულე აპკის შემოწმება, მიუხედავად იმისა, თუ რა ვითარებაში ხორციელდება ეს, საძინებელსა თუ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში, არის ქალის შეურაცხყოფა, ჩაგვრა და ქალზე ძალადობა. სამწუხაროდ, სქესობრივი განათლება არ არის ხელმისაწვდომი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის. ამიტომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავ ეყრდნობა მითს საქალწულე აპკის მთლიანობის შესახებ და არასწორი წარმოდგენა აქვს ქალის ფიზიოლოგიურ აგებულებაზე. ამგვარი მითები ხელს უწყობს ქალზე ძალადობას. ამ მითებზე დაყრდნობით ადამიანებს გარკვეული მითები უჩნდებათ, რის საფუძველზეც ხორციელდება ძალადობა”, – ამბობს ბაია პატარაია.

