ახალი ამბები

ბექაური კომპანიებს მოუწოდებს, სატელეკომუნიკაციო სერვისებზე მოსახლეობას შეღავათები შესთავაზონ

19 მარტი, 2020 • 869
ბექაური კომპანიებს მოუწოდებს, სატელეკომუნიკაციო სერვისებზე მოსახლეობას შეღავათები შესთავაზონ

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულმა კომპანიებმა მოსახლეობას გარკვეული შეღავათები უნდა შესთავაზონ.  ამასთან, ბექაური კომპანიებს მოუწოდებს, რესურსების სრული მობილიზება მოახდინონ, რათა ამ ვითარებაში სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურამ შეუფერხებლად იმუშაოს.

„მოცემულ სიტუაციაში ისეთი კრიტიკული მომსახურებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, როგორიც არის სატელეკომუნიკაციო სერვისები, საერთოდ სხვა რეჟიმში უნდა მუშაობდეს, იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას გარკვეული შეღავათები მივცეთ და დავეხმაროთ. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში. განვსაზღვროთ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენს სფეროში, რათა მოსახლეობას პრობლემები  არ შეექმნას  და შეუფერხებლად მიიღოს სატელეკომუნიკაციო სერვისები“,- ამბობს ბექაური.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) თავმჯდომარე “მაგთიკომს” მოუწოდებს, დროებით შეაჩეროს 25- ლარიანი ულიმიტო პაკეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რადგან მიაჩნია, რომ ამ ვითარებაში ტარიფის გაძვირების საკითხი საერთოდ არ უნდა იდგეს.

„ახლა დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა დადგეს მსგავსი საკითხები. კომპანიას მინდა მოვუწოდო, რომ სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ და არა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვილაპარაკოთ პაკეტების გაძვირება-არგაძვირებაზე, რადგან ბევრი წელია ეს პაკეტი არსებობს ბაზარზე და მოსახლეობა მიჩვეულია მას.   კომისიის პოზიცია ასეთია და ახლა კომპანიამაც უნდა გადადგას ნაბიჯი. არ მგონია, „მაგთიკომს“ რამე უშლიდეს ხელს დაანონსებული გადაწყვეტილების შეჩერებაში”,-აცხადებს ბექაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი