ახალი ამბები

ოქსფორდი: შევქმენით COVID-19-ის ტესტი, რომელიც შედეგს 30 წუთში დებს

18 მარტი, 2020 • 2375
ოქსფორდი: შევქმენით COVID-19-ის ტესტი, რომელიც შედეგს 30 წუთში დებს

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უნივერსიტეტის ინჟინერიის მეცნიერებათა ფაკულტეტმა და ოქსფორდის სუჟოუს კველვითმა ცენტრმა შეიმუშავეს კორონავირუსულ ინფექცია COVID-19-ზე ტესტირების სწრაფი საშუალება.

როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, მეცნიერთა გუნდი, რომელსაც პროფესორები ჟანფენგ ჩუი და ვეი ჰუანგი ხელმძღვანელობენ, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე ტესტირების მეთოდების გაუმჯობესებაზე მუშაობდნენ.

„ახალი ტესტი ბევრად უფრო სწრაფია და არ საჭიროებს რთულ ინსტრუმენტებს“, — წერია ვებგვერდზე.

„წინა, ფართოდ გავრცელებული ტესტის შედეგისთვის 1,5-2 საათი იყო საჭირო. მკვლევართა გუნდმა შეიმუშავა ახალი ტესტი, დაფუძნებული ტექნიკაზე, რომელსაც შეუძლია შედეგი ნახევარ საათში აჩვენოს“, — ამბობენ ოქსფორდის უნივერსიტეტში.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი ტექნოლოგია ძალიან მგრძნობიარეა და აქედან გამომდინარე, პაციენტი, ვისაც ინფექციის ადრეული ეტაპი აქვს, მაინც შეიძლება გამოვლინდეს, რაც დაეხმარება ვირუსის გავრცელების პრევენციას.

გარდა ამისა, შედეგის გასაგებად არანაირი სპეციალური ხელსაწყო თუ აპარატურა არაა საჭირო.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტესტირების ახალი მეთოდის ყველა ცდა წარმატებული გამოდგა და ახლა მეცნიერები მუშაობენ ისეთი ტესტის შექმნაზე, რომელიც არა მარტო შესაბამის დაწესებულებებში, არამედ სახლის პირობებშიც იმუშავებს.

ჯერჯერობით აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციას მხოლოდ ერთი კომერციული ტესტი აქვს დამტკიცებული.


მსოფლიოში ახალი კორონავირუსული ინფექციით — Covid-19-ით თითქმის 200 000 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გარდაიცვალა თითქმის 8 000, გამოჯანმრთელდა — თითქმის 82 000.

საქართველოში დადასტურებულია 38 შემთხვევა, 1 261 ადამიანი კარანტინშია, 216 — სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ.

ამავე თემაზე:

მეცნიერები აღწერენ, როგორ ებრძვის ჩვენი იმუნური სისტემა COVID-19-ს

მასალების გადაბეჭდვის წესი