ახალი ამბები

მეცნიერები აღწერენ, როგორ ებრძვის ჩვენი იმუნური სისტემა COVID-19-ს

18 მარტი, 2020 •
მეცნიერები აღწერენ, როგორ ებრძვის ჩვენი იმუნური სისტემა COVID-19-ს

ავსტრალიელმა მეცნიერები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს, თუ როგორ ებრძვის ადამიანის იმუნური სისტემა ახალ კორონავირუსულ ინფექციას — COVID-19-ს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მეცნიერებმა თავიანთი ნაშრომი ჟურნალ Nature Medicine-ში გამოაქვეყნეს. ნაშრომის მიხედვით, ახალი ვირუსისგან გამოჯანმრთელება გრიპისგან გამოჯანმრთელებას ჰგავს.

გარდა ამისა, როგორც ექსპერტები ამბობენ, იმის აღმოჩენა, ზუსტად რომელი უჯრედები იღებენ მონაწილეობას ვირუსთან ბრძოლის პროცესში, ვაქცინის შექმნას უნდა დაეხმაროს.

„ეს [აღმოჩენა] მნიშვნელოვანია, რადგანაც ესაა პირველი შემთხვევა, როცა რეალურად გვესმის, თუ როგორ ებრძვის ჩვენი იმუნური სისტემა ახალ კორონავირუსს“, — აცხადებს პროფესორი კათერინ კედზიერსკა, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

კვლევას დადებით შეფასებას აძლევენ დარგის ექსპერტები.

რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა?

მეცნიერები აკვირდებოდნენ პაციენტს, რომელსაც აქამდე არ ჰქონია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, ხოლო ვირუსი მის შემთხვევაში სუსტიდან საშუალო ფორმამდე განვითარდა.

47 წლის ქალი ქალაქ ვუჰანიდან ვირუსისგან 14 დღეში გამოჯანმრთელდა.

სანამ იგი გამოჯანმრთელებას დაიწყებდა, სამი დღით ადრე მის სისხლში აღმოაჩინეს უჯრედები, რომლებიც მას განკურნებაში დაეხმარნენ. პროფესორ კედზიერსკას თქმით, სწორედ იგივე უჯრედები იჩენენ ხოლმე თავს გრიპისგან გამოჯანმრთელებამდე.

რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს აღმოჩენამ?

იმის გაგება, თუ როდის იწყებენ მუშაობის იმუნური უჯრედები, დაგვეხმარება „ვირუსის განვითარების წინასწარმეტყველებაში“ — აცხადებს BBC-სთან საუბარში პროფესორი ბრიუს თომპსონი, სუინბორნის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.

ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრის, გრეგ ჰანტის თქმით, ამ აღმოჩენამ შესაძლოა დააჩქაროს ვაქცინისა და სამკურნალო პრეპარატის შემუშავება.

როგორც პროფესორი კედზიერსკა აცხადებს, მათი შემდეგი მიზანია გამოავლინონ, თუ რატომ იყო იმუნური სისტემის რეაქცია უარესი სხვა, უფრო რთულ შემთხვევებში.

იანვარში ინსტიტუტში პირველად მოხერხდა, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსის დუბლიკატი შეექმნათ. ამის შემდეგ ცენტრმა ავსტრალიის მთავრობისგან დამატებითი დაფინანსება მიიღო, ხოლო ბიზნესისგან და ჩინელი მილიარდერისგან ჯეკ მასგან – შემოწირულობა.


მსოფლიოში ახალი კორონავირუსული ინფექციით — Covid-19-ით თითქმის 200 000 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გარდაიცვალა თითქმის 8 000, გამოჯანმრთელდა — თითქმის 82 000.

საქართველოში დადასტურებულია 38 შემთხვევა, 1 261 ადამიანი კარანტინშია, 216 — სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი