ახალი ამბები

ხიდაშელი: როდესაც ბურჯანაძე ბრუნდება მოსკოვიდან, საშინელება ხდება საქართველოში

20 აგვისტო, 2015 • • 1165
ხიდაშელი: როდესაც ბურჯანაძე ბრუნდება მოსკოვიდან, საშინელება ხდება საქართველოში

“ჩნდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა შესახებაც არასდროს მსმენია. ისინი სოკოებივით იზრდებიან. ხალხი, რომელიც აქამდე არასდროს ჩანდა, ხდებიან პოლიტიკურად აქტიურები, ჩნდებიან ტელევიზიით, ხდებიან ექსპერტები, არიგებენ ინტერვიუებს და აქვთ მაღალი ხელფასები,”- განაცხადა ხიდაშელმა.

 

თავდაცვის მინისტრი ქართულ მედიაში შესამჩნევ რუსულ გავლენაზეც აკეთებს კომენტარს:

 

“დანამდვილებით არ შეიძლება ითქვს, რომ ესა თუ ის მასალა არის რუსული ფულით დაფინანსებული და შესაბამისად გაშუქებული, მაგრამ უკვე გვაქვს ისეთი ტელეარხები, რომლებიც ფაქტებს სხვანაირად აშუქებენ”.

 

თინა ხიდაშელი პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებზე საუბრისას პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს და მის ვიზიტებსაც შეეხო. ხიდაშელმა ბურჯანაძე სააკაშვილის ყოფილ მეგობრად და რუსეთის ყველაზე დიდ მოკავშირედ მოიხსენია. მინისტრი ბურჯანაძის ვიზიტებს მოსკოვში და ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ერთმანეთს უკავშირებს.

 

“ასევე, გვყავს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საჯაროდ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, სააკაშვილის ყოფილი მეგობარი და ყველაზე დიდი რუსეთის მოკავშირე, მიდის მოსკოვში და ხვდება პუტინს, არავინ იცის რაზე საუბრობენ, მაგრამ როდესაც ის ბრუნდება, რაღაც საშინელება ხდება საქართველოში. მაგალითად, ბოლოდროინდელი საზღვრის გადმოწევის ფაქტი. ეს მოხდა ზუსტად მას მერე, რაც ის დაბრუნდა მოსკოვიდან,”- განაცხადა ხიდაშელმა.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი უკვე შეხვდა აშშ–ის თავდაცვის მდივანს, ეშტონ კარტერს. ასევე, შეხვედრები გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში და ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

 

“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, სერგეი ნარიშკინის მიწვევით მოსკოვში ივლისში იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

 

რუსულმა მხარემ კი ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟი 6 აგვისტოს განაახლა, როცა გორის რაიონის სოფელ წითელუბანთან აღმართა ეს ბანერი, ხოლო 10 აგვისტოს -ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენისა და ცერონისის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი