ახალი ამბები

მერია თბილისის ბაღებისა და სკვერების პასპორტიზაციას გეგმავს

20 აგვისტო, 2015 • • 1205
მერია თბილისის ბაღებისა და სკვერების პასპორტიზაციას გეგმავს

გიორგობიანის განცხადებით, პასპორტიზაცია გარემოსდაცვითო სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მერიის გამწვანების სამსახური ამ საკითხთან დაკავშირებულ ტექნიკურ დავალებებზე უკვე მუშაობს.

 

თუკი საკრებულო გარემოსდაცვითი სტრატეგიის დოკუმენტს დაამტკიცებს, გიორგობიანის განმარტებით, პასპორტიზაციისთვის მერიას ბიუჯეტიდან 2.4 მლნ ლარის გამოყოფა აქვს ნავარაუდევი.

 

“პასპორტიზაცია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უბრალოდ ჩვენ არ ვიცით თბილისში რა რაოდენობის მწვანე საფარი გვაქვს. არის გაუთავებელი სპეკულაციები, მოშველიება სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტების. ასეთი სტანდარტების დადგენისათვის და შემდგომ სხვა სამუშაოების განხორციელებისათვის აუცილებელია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა გვაქვს. აუცილებელია, რომ დეფინირებული იყოს ძალიან მკაფიოდ, თუ რა არის ბაღი, სკვერი და პარკი. ეს იქნება ზომების მიხედვით, ნარგავების მიხედვით, თუ როგორ იქნება, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს, დადგინდეს ძალიან მოკლე ხანში, ვინაიდან ჩვენ რომ დავიწყოთ რაიმე სამუშაოების განხორციელება, ძალიან ჭირს, პირველ რიგში იმიტომ, რომ არ ვიცით ზუსტად რა გვაქვს თბილისის პარკებსა და სკვერებში,”-განუცხადა გიორგობიანმა საკრებულოში ჟურნალისტებს.

 

მისივე განმარტებით, შეიქმნება ელექტრონული ბაზა და დაინომრება ყველა ის მრავალწლოვანი ხე-მცენარე, რომლებიც თბილისის ბაღებსა და სკვერებშია. ბიძინა გიორგობიანის თქმით, ბოლოს მსგავსი აღწერა 1988 წელს გაკეთდა.

 

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისაის თავმჯდომარის, შორენა ბუხრაშვილის განცხადებით, მერიიდან საკრებულოში გარემოსდაცვითი სტრატეგიის დოკუმენტი 17 აგვისტოს შევიდა, კომისიის დღევანდელ სხდომაზე კი წევრებს ეცნობათ, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით წინადადებებისა და შენიშვნების წარდგენა შეუძლიათ.

 

გარემოსდაცვითი კომისიის მეორე სხდომა 5 სექტემბერს ჩაინიშნება, სადაც, ბუხრაშვილის განცხადებით, დეტალურად განიხილავენ სტრატეგის დოკუმენტს.

 

კომისიის დღევანდელ სხდომაზე დოკუმენტის დეტალური განხილვა არ შემდგარა.

თბილისის მერია
თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი