ახალი ამბები

გახარია დღეს “ღამის კურიერში” ისაუბრებს

17 მარტი, 2020 • 1439
გახარია დღეს “ღამის კურიერში” ისაუბრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 17 მარტს, 22:00 საათზე, კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრებს და კითხვებს უპასუხებს. ეს „რუსთავი 2-ის“ ეთერში მოხდება. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, გახარია მონაწილეობას მიიღებს გადაცემა „ღამის კურიერში“, სადაც პირდაპირ ეთერში კითხვებს გასცემს პასუხს. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ გადაცემის მთავარი თემა ახალი კორონავირუსული ინფექცია — Covid-19 იქნება.

გიორგი გახარია ამჟამად კორონავირუსული ინფექციის გამო უწყებათაშორის — სამთავრობო საბჭოს ხელმძღვანელობს.


კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა და დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 34 ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევის შესახებაა ცნობილი. კარანტინის რეჟიმშია 1008 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ — 64.

17 მარტს საქართველოში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გარკვეული შეზღუდვები დაწესდა: იხურება სპორტდარბაზები, იკრძალება სამარშრუტო ტაქსების — ე.წ „მარშუტკების“ მოძრაობა (თუმცა კვლავ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი — ავტობუსები და მეტროპოლიტენი).

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან 2 კვირით იკეტება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

ამ ყველაფერთან ერთად, მთავრობამ გასცა რეკომენდაციები — მოქალაქეებმა არ დატოვონ სახლი საჭიროების გარეშე, რესტორნები კი მხოლოდ „გატანის“ ტიპის მომსახურებაზე გადავიდნენ.

ბოლო დღეებში აგრეთვე დაეცა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში — გაცვლითი კურსით, 1 დოლარი 3 ლარზე მეტი ღირს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი