ახალი ამბები

სანიკიძე: ყდების გაკეთება არც ერთი გამომცემლობისთვის არ შეგვითავაზებია

18 აგვისტო, 2015 • • 956
სანიკიძე: ყდების გაკეთება არც ერთი გამომცემლობისთვის არ შეგვითავაზებია

“რასაც ვაპირებთ, ეს არის ის, რომ ყველა მოსწავლეს წიგნი დახვდება სკოლაში. ვთვლით, რომ ეს არის საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი და როგორც ვგეგმავდით, ისევე განვახორცილებთ ამ პროექტს. რაც შეეხება სახელმძვანელოებს, შიგთავსსა და გარეკანს, ჩვენ მრავალი ვერსია გადავამოწმეთ წლის განმავლობაში. ჩავატარეთ ანალიზი და გადავამოწმეთ შესაძლო ვარიანტები. ბევრი ალტერნატივა დამუშავდა. ამ ეტაპზე დამატებითი სახელმძღვანელოების საჭიროება არ არსებობს. დღეს დასრულდა ქვეყნის მასშტაბით წიგნების დათვლა, ინვენტარიზაცია და აღმოჩნდა, რომ წიგნები სრულად გვაქვს. ახალი ყდების გაკეთების შესახებ ინფორმაცია, როგორც ერთ-ერთმა გამომცემელმა თქვა, და თურმე მას შესთავაზეს ასეთი ყდების გაკეთება  – ეს არის ცრუ ინფორმაცია. ერთადერთი, რაც სამინისტრომ გააკეთა, ჩაატარა მოკვლევა, რამდენი შეიძლება დამჯდარიყო ესა თუ ის მომსახურება, რაიმე შეთავაზება არც ერთი გამომცემლობის მისამართით არ გაკეთებულა,”- აცხადებს თამარ სანიკიძე. 

 

მინისტრის განცხადებით, სასწავლო წლის დასაწყისში ყველა მოსწავლეს ექნება სწალისათვის გამოსადეგი სახელმძღვანელო. ყველა მოსწავლის წიგნების კომპლექტაციაში იქნება როგორც ახალი, ისე გამოყენებული წიგნებიც. სამინისტრო ყოველ წელს ჩაატარებს მოკვლევას სიტუაციის შესაფასებლად. 

 

ორშაბათს გაზეთმა ბათუმელებმა გამოაქვეყნა სტატია – ძველი სახელმძღვანელო ახალ ყდაში – განათლების სამინისტროს იდეა”, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ სასკოლო სახელმძღვანელოების ყდების დასაბეჭდად ბაზრის შესწავლა დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” (ESIDA) შეთავაზება გამომცემლობებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს. შესაბამის წერილში ნათქვამია:

 

“გაცნობებთ, რომ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო იწყებს ბაზრის კვლევას ყდების ბეჭდვასთან დაკავშირებით იმ დაზიანებული სახელმძღვანელოებისთვის, რომელთა შიგთავსი შეესაბამებოდა მინისტრის 103/ნ-ით დადგენილ კრიტერიუმებს. მომსახურება უნდა მოიცავდეს წიგნების ტრანსპორტირებას საწყობიდან სტამბამდე, ყდების ბეჭდვას, მათ ჩასმას და ტრანსპორტირებას უკან საწყობამდე (მის: სოფ. დიდი ლილო, ერეკლეს ქუჩა)”.

 

წერილში კონკრეტული რაოდენობის, ზომისა და 265 დასახელების სახელმძღვანელოს ყდაზეა საუბარი. “გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზება ინვოისის სახით ერთეულ სახელმძღვანელოზე შესასრულებელი სამუშაოს განფასებისა და მოწოდების ვადების მითითებით, როგორც 33 500 ერთეული, ასევე 36 850 ერთეული ყდისთვის, არაუგვიანეს 2015 წლის 3 აგვისტოს 18:00-საათისა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი