ახალი ამბები

გარყვნილებას მიცემული კაცობრიობა ვირუსის შიშის ტყვეობაშია – დეპუტატი კორონავირუსზე

17 მარტი, 2020 • 4970
გარყვნილებას მიცემული კაცობრიობა ვირუსის შიშის ტყვეობაშია – დეპუტატი კორონავირუსზე

პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას აფასებს და საზოგადოებას ზიარების წესის შეცვლაზე “უაზრო საუბრების” დასრულებისკენ მოუწოდებს.

“მსოფლიოში გავრცელებულმა ვირუსმა დაგვანახა, თუ როგორი უსუსური აღმოჩნდა მეცნიერების და ტექნიკის განვითარებაში მიღწეული წარმატებებით თვითდაჯერებული ადამიანი. ამპარტავნების სულით შეპყრობილი კაცობრიობა, რომელმაც ღმერთი უარყო და დაუპირისპირდა, მის მიერ დადგენილი კანონების შეცვლა მოინდომა, მარადიულ ცხოვრებას ამსოფლიური ვნებები და სიამოვნება ამჯობინა, გარინდულია.

მსოფლიო პანიკაშია. დაცარიელებული ქალაქები, ჩაკეტილი საზღვრები, გარყვნილებასა და უზნეობას მიცემული კაცობრიობა, რომელმაც ღვთისადმი შიში და კრძალვა დაკარგა, ვირუსის შიშის ტყვეობაშია, ძრწის და კანკალებს სიკვდილის წინაშე, რაც უღმერთობის და ურწმუნოების შედეგია. უნდა გვახსოვდეს, რომ სამყაროს უფალი განაგებს და მისი ნების გარეშე არაფერი ხდება”, – განაცხადა ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, მორწმუნეებისთვის ყველაფერი კეთილად წარიმართება, ამიტომ მწუხარებას და შიშს არ უნდა მივეცეთ. დეპუტატმა ლოცვის გაძლიერებისკენ განსაკუთრებით ხელისუფლებას მოუწოდა.

“ყველა უნდა გავერთიანდეთ და ვილოცოთ ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს გადარჩებისთვის. განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა სასოებდნენ უფალს და ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს. სამწუხაროდ, ამ განსაცდელის დროსაც ზოგიერთები არ წყვეტენ ანტიეკლესიურ პროპაგანდას. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ზიარების წესის შეცვლას მოითხოვენ და მიიჩნევენ, რომ ერთი კოვზით ზიარებამ შეიძლება ვირუსის გავრცლება გამოიწვიოს, რაც გარდა იმისა, რომ დიდი უგუნურება და ურწმუნოებაა, მორწმუნე ადამიანის შეურაცხყოფაა. ამ საკითხზე უნდა დამთავრდეს შეშფოთებები და უაზრო საუბრები”, – განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.

დეპუტატი, ასევე, გამოვიდა მოწოდებით, მუზეუმებში დაცული ხატები – ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობელი და სხვა – ეკლესიას დაუბრუნდეს.

“ამ განსაცდელის დროს გვჭირდბა მათი შემწეობა და მფარველობა”, – დასძინა მან.


17 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევაა აღრიცხული, მსოფლიოში კი ეს რიცხვი 173 ათასს აჭარბებს, საიდანაც 7 ათასზე მეტი გარდაიცვალა. არაერთმა რელიგიურმა ორგანიზაციამ შეაჩერა მღვდელმსახურება, რათა ხელი შეუშალოს მასობრივ თავყრილობებზე ვირუსის გავრცელებას. მღვდელმსახურება დროებით შეჩერდა საბერძნეთშიც, სადაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული.

საბერძნეთში ღვთისმსახურება შეაჩერეს | COVID-19

მასალების გადაბეჭდვის წესი