დღეს, 17 მარტს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები თბილისის ძირითად ქუჩებს აკურთხებენ. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს.
მისი განმარტებით, თბილისის ქუჩების კურთხევა დაახლოებით 13:00 საათისთვის დაიწყება, სასულიერო პირები კი ავტომანქანებით მოივლიან ქალაქის ქუჩებს, გარკვეულ ტერიტორიებზე შეჩერდებიან და აკურთხებენ.
თავდაპირველად ინფორმაცია ქუჩების კურთხევის შესახებ საპატრიარქომ 14 მარტს გაავრცელა კორონავირუსთან დაკავშირებით გაკეთებულ სპეციალურ განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით, ყოველ კვირა დღეს, 12:00 საათზე ყველა ტაძარში დაირეკოს ზარები და შესრულდეს ერთობლივი ლოცვები. საპატრიაქროს განცხადების მიხედვით, აღნიშნული რიტუალი ქვეყანაში შექმნილი ვითარების დასრულებამდე გაგრძელდება.
რაც შეეხება ახალი ტიპის კორონავირუსს, 17 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 34 შემთხვევა, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1008 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პირია.







