საზოგადოება

ეპისკოპოსის თქმით, სცადეს იმ მონაზვნის გატაცება, რომლის მეშვეობითაც მოწამვლას უპირებდნენ

16 ივნისი, 2025 •
ეპისკოპოსის თქმით, სცადეს იმ მონაზვნის გატაცება, რომლის მეშვეობითაც მოწამვლას უპირებდნენ

გუშინ, 15 ივნისს, ღამით მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა განაცხადა, რომ გიორგი შინჯიკაშვილის დაცვის წევრებმა იმ მონაზვნის გატაცება სცადეს, რომლის მეშვეობითაც მას მოწამვლას უპირებდნენ.

მისივე ცნობით, მონაზონი გატაცების მცდელობის შემდეგ პოლიციაში გადაიყვანეს, თუმცა ნეტგაზეთს აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ უდასტურებენ.

რა ხდება?

8 ივნისს ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა მისი მკვლელობის მომზადების შესახებ განაცხადა და ამაში „ქართული ოცნების“ მთავრობასთან დაახლოებული მაღალჩინოსანი დაადანაშაულა, რომლის ვინაობაც თავდაპირველად არ დააკონკრეტა. მან თქვა, რომ მის მკვლელობას „უშიშროების“ მაღალი თანამდებობის პირი საწამლავით გეგმავდა, დასახმარებლად კი ამავე ეპარქიის ერთ-ერთი მონაზონი გადაიბირა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მაღალჩინოსანი, ვისზეც ეპისკოპოსი საუბრობს, გიორგი შინჯიკაშვილია, რომელიც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო. მან თანამდებობა 12 მაისს დატოვა.  ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში მედიაში გავრცელებული ცნობების გამო მოექცა, რომლის მიხედვითაც, შინჯიკაშვილს დაპირისპირება აქვს გდდ-ს აწ უკვე ყოფილ უფროსთან, ზვიად ხარაზიშვილთან („ხარებასთან“).

„ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ, მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება, აი, ასეთი მოვლენები და ვითარება არის ეპარქიაში“, – აცხადებს ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.

თავდაპირველად ეპისკოპოსი ამბობდა, რომ 2 თვის წინ  მონაზონი ეპარქიიდან თავად გააგდო, ხოლო როცა მისმა მტრებმა ნახეს, რომ ქალი საჭირო აღარ იყო, მათაც გადააგდეს.

„და როცა [მონაზონმა] იგრძნო, რომ გამოყენებული იქნა, როცა მიხვდა, რომ გადაგდებული იქნა, მაშინ უკვე მან დაასახელა ყველაფერი – შემხვდა და მომიყვა“, – აცხადებდა გიორგი ჯამდელიანი.

მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, 14 ივნისს ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში, სავარაუდოდ, ეპისკოპოსისა და მონაზვნის საუბრის ჩანაწერი გავიდა.  ჟურნალისტის თქმით, ჩანაწერი წყარომ მიაწოდა.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, მონაზონი ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანს მისი მკვლელობის მომზადების შესახებ უყვება. ქალი ჰყვება, როგორ დაიწყეს 2024 წლის ზაფხულში მისი გადაბირება, რაც ეპისკოპოსის მოკვლით უნდა დასრულებულიყო. ამავე ჩანაწერში ქალი ხელს ადებს გიორგი შინჯიკაშვილს, რომლის მოტივიც, მისი თქმით, „ძველი ამბავი“ იყო. თუმცა ქალი არ აკონკრეტებს, რა იგულისხმება „ძველ ამბავში“.

ერთ-ერთი გავრცელებული ინფორმაციით, შინჯიკაშვილმა ეპისკოპოსს ფული და ოქრო მიაბარა, როცა ის, სავარაუდოდ, „ხარებასთან“ დაპირისპირების გამო ქვეყნიდან გაქცეული იყო. ამ ინფორმაციას ეპისკოპოსმა „ტვ პირველთან“ „გარკვეული აგენტურის აგორებული ჭორი“ უწოდა.

სად იყო მონაზონი?

ნოდარ მელაძის შაბათში გასული ჩანაწერის შემდეგ, „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელმა, ელისო კილაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მონაზონი, რომელიც ჩანაწერში საუბრობს, ეპისკოპოს ჯამდელიანს შინაპატიმრობაში ჰყავს და გავრცელებული ჩანაწერიც მონაზონზე ძალადობითა და მუქარით არის გაკეთებული.

„მონაზონი ნაცემია,”სკანდალური” ჩანაწერი გაკეთებულია იარაღის მუქარის ქვეშ! ვერ დაითანხმა პროკურატურისთვის ჩვენების მიცემაზე, ამიტომაც არ აჩენს. მესამე პირის მეშვეობით დედაომ გადმომცა, რომ არ უთანამშრომლია და არც აპირებს“, – დაწერა ელისო კილაძემ Facebook-ზე.

ამის შემდეგ, 15 ივნისს, ელისო კილაძემ ვიდეო გაავრცელა, სადაც უკვე მონაზონთან იმყოფება. ელისო კილაძის თქმით, მან ყაზბეგში იპოვა ის სახლი, სადაც ეპისკოპოსი მონაზონს “მალავს და დირექტივებს” აძლევს.

როგორც ელისო კილაძე ამბობს, მონაზონს რამდენიმე დღე ეძებდა. მისი თქმით, როცა მონაზონზე საუბარი საჯაროდ დაიწყო, ერთ-ერთმა მოქალაქემ უთხრა, რომ ეს ადამიანი მასთან უსაფრთხოდ იმყოფებოდა.

ელისო კილაძის თქმით, მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ ეს მოქალაქე თრუსოს მრევლია, მონაზვნის ძებნა ყაზბეგში დაიწყო ისე, რომ მის ადგილსამყოფელზე წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონია. მისი თქმით, ყაზბეგში მარტო, მძღოლთან ერთად ჩავიდა.

როგორც ელისო კილაძე ამბობს, მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსმა გაიგო, რომ ყაზბეგში მონაზონთან იმყოფებოდა, მასთან მოხევეების გაგზავნით დაემუქრა,  მონაზონს კი დუმილისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით ელისო კილაძემ ამ საუბრის ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა . ეპისკოპოსი, რომელიც ვიდეოზარით ესაუბრება მონაზონთან ჩასულ ელისო კილაძეს, ამბობს, რომ ყაზბეგში იმის გაგზავნილია, ვინც ფული გადაუხადა.

„რომელია შენი პროფესია?… შენ ჟურნალისტი არა ხარ, კარგად იცის ხალხმა, ვინც ხარ… რატომ ხართ ცილისმწამებელი, რატომ ავრცელებთ ამდენ ტყუილს? თქვენ ხომ თქვით, რომ დედაო ნაცემიაო?… არ გათიშო, თორემ ძალიან ცუდად გამოგიშვებენ, მოხევეები მოგხედავენ!… უსინდისო, ნამუსგარეცხილო ცილისმწამებელო“, – მიმართა ეპისკოპოსმა ელისო კილაძეს.

როგორც ელისო კილაძე ამბობს, ეპისკოპოსის მუქარის შემდეგ  ლოდინი დაიწყო, მასთან სასტუმროში ვინ მივიდოდა.

„ამ დროს სასტუმროს გარეთ დაიწყო მანქანების მოძრაობა და ვნახე ვიღაც ახალგაზრდა შპანა, ერთ-ერთი აღმოჩნდა ადგილობრივი დეპუტატის ძმა. დანარჩენების ვინაობას ვადგენ. ჩემი ლაივის მიმდინარეობისას მე ავტვირთე მეუფის ვიდეო, როგორ მემუქრება ის, და ამ პერიოდში დაუყოვნებლივ მოვიდა პოლიციის ორი ეკიპაჟი“, – აცხადებს ელისო კილაძე.

ელისო კილაძის თქმით,  ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის მხრიდან მუქარასთან დაკავშირებით 16 ივნისს  მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზეც დაიბარეს.

ვინ ცდილობდა მონაზვნის გატაცებას?

15 ივნისს ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ელისო კილაძეს იმ სივრცეში, სადაც მონაზონი იმყოფებოდა, გიორგი შინჯიკაშვილის დაცვის წევრები შეჰყვნენ. მღვდელმთავრის თანახმად, სცადეს გაეტაცებინათ ის მონაზონი, რომელიც შინჯიკაშვილის წინააღმდეგ მთავარი მოწმეა.

ეპისკოპოსის მტკიცებით, მონაზვნის გატაცებას ჯაბა (იასინ) იოსელიანი და კახა ჭუმბურიძე ცდილობდნენ. ეპისკოპოსი  ამ უკანასკნელს „რობოკოპების უფროსად“ მოიხსენიებს. კახა ჭუმბურიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში გასულ წელს მოექცა. ის იყო  პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დაშლაში მონაწილეობდა. მაშინ  გდდ-ს იმჟამინდელი უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, „ხარებას“ მოადგილე იყო. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, შინჯიკაშვილთან დაპირისპირების შემდეგ, „ხარებამ“ ჭუმბურიძეს გდდ იძულებით დაატოვებინა.

„როგორც მონაზონი ამბობს, ცდილობდნენ გაეტყუებინათ, ეუბნებოდნენ, რომ წამოგვყევი, ჩვენ გვყავს ადვოკატი, უსაფრთხო ადგილას გადაგიყვანთ, არაფერს არ დაგიშავებთო…

დედაო მათ გაექცა, საპირფარეშოში ჩაიკეტა, საიდანაც დამიკავშირდა და მითხრა, რომ მას მიაკითხა შინჯიკაშვილის დაცვამ. მისი სიტყვები იყო, რომ მიშველე მეუფე, გადამარჩინე, ჩემს გატაცებას ცდილობენო… მათგან იგრძნო საფრთხე.

მადლობა უფალს, რომ ამ სიტუაციაში იქვე მოხევეებმა ამის შესახებ შეიტყვეს, რადგან ამ ყველაფერს ხმაური მოჰყვა და დედაომაც მოახერხა რამდენიმე ადამიანთან კავშირზე გასვლა. ადგილობრივმა მოსახლეობამ თუ არ ვიცი ვინ, გამოიძახა პოლიცია და ფაქტობრივად ხელიდან გამოგლიჯეს დედაო ამ ნაძირლებს და უსინდისოებს და გადაიყვანეს სტეფანწმინდის პოლიციაში.

მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტეფანწმინდის განყოფილებას, სრულად იქნას მონაზონ თეკლა კუბლაშვილის სამართლებრივი და კონსტიტუციური უფლებები დაცული. სანამ არ ჩაერევა მისი პირადი ადვოკატი, რომელსაც თვითონ ისურვებს, არ მისცეს მას ჩვენება და შემდგომში ეს თავის გადასაწყვეტია და შეიძლება ვალდებულებაც, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

არ ვიცი, ვინ მფარველობს ამ უსინდისო ადამიანებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამათ დღევანდელი ხელისუფლება არ მფარველობს. ესენი არიან რაღაც ნარჩენები და მიიღებენ საკადრის პასუხს“, – განაცხადა ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა.

მოგვიანებით ეპისკოპოსმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც, სავარაუდოდ, მისი და მონაზვნის საუბრის ჩანაწერია. ჩანაწერში ქალი ამბობს, რომ მასთან შინჯიკაშვილის დაცვაა მისული.

„ანუ შინჯიკას დაცვა არის მანდ მოსული? კახა, რობოკოპების უფროსი და ჯაბა იოსელიანი?“, – ეკითხება ეპისკოპოსი ქალს, რასაც ქალი ადასტურებს.

ქალის თქმით, შინჯიკაშვილის დაცვის წევრებმა უთხრეს, რომ ისინი დაიცავდნენ. პასუხად ეპისკოპოსმა გააფრთხილა, რომ ისინი მისი დამცველები არ არიან და მოუწოდა, მათ არ გაჰყოლოდა.

„მაგათ არ გაჰყვე, იცოდე, თორემ მოგიპარავენ და შეიძლება, მოგკლან. ნუ გეშინია, მანდ მოხევეები მოვლენ“, – ამბობს ეპისკოპოსი ჩანაწერში.

ელისო კილაძის თქმით, ვინაიდან თავად გარეთ „ტიტუშკებს“ იგერიებდა, არ იცის, ვინმე მართლა ემუქრებოდა თუ არა მონაზონს და ცდილობდა თუ არა მის გატაცებას.

ელისო კილაძე მონაზონთან საუბრის ჩანაწერს, რომელიც ეპისკოპოსმა გამოაქვეყნა, დადგმულს უწოდებს.

„იქვე იყო პოლიციაც და თუკი მას იტაცებდნენ და იყო ამის მუქარების მცდელობა, რაც მე არ ვიცი, რადგან დაკავებული ვიყავი „ტიტუშკების“ დევნით, შეეძლო მიემართა პოლიციისთვის ან აეტეხა ხმაური, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე დავანებებდი ყველა მოქმედებას თავს და წავიდოდი თეკლას დასახმარებლად“, – განაცხადა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძის ინფორმაციითაც, მონაზონი თეკლა კუბლაშვილი პოლიციაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი თქმით, მონაზონი საფრთხეშია და სახელმწიფომ მოწმის დაცვის სპეციალურ პროგრამაში უნდა ჩასვას.

„პოლიციის მანქანების თანხლებით გადაიყვანეს, რა თქმა უნდა, არავის არ გაუტაცია. ისევე, როგორც მე წამიყვანეს პოლიციაში. განცხადება დავწერე და დღეს მცხეთის პოლიციაში ვარ დაბარებული“, – აცხადებს ელისო კილაძე.

იმის გასარკვევად, თუ სად იმყოფება ახლა მონაზონი თეკლა კუბლაშვილი, ნეტგაზეთმა მასთან დაკავშირება სცადა, თუმცა ტელეფონი გამორთული აქვს. ნეტგაზეთმა ასევე სცადა ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანთან დაკავშირება, თუმცა ზარსა და შეტყობინებას არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი