”ხორბლის მოსავალი დიდია, მესმის, რომ ეს შეიძლება სულ არ იყოს სასურსათო დანიშნულების, მაგრამ ამ ხორბალს აქვს მაინც მისაღები ხარისხი. პლუს ამას, საერთაშორისო ბირჟებზე გაიაფებულია ხორბალი, შესაბამისად, პურზე ფასის მატების ლოგიკა არ არსებობს,”- აცხადებს მინისტრი.
დანელია, ასევე, ეხმაურება კომპანია ”იფქლის” ხელმძღვანელის, შაქრო ბაკურაძის განცხადებას და ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლებთან შესახვედრად მზადაა.
”როდესაც ამბობენ, რომ გამკაცრდა კონტროლი ხორბლისა და ფქვილის ნაწილში, კონკრეტულად თქვან, რას გულისხმობენ, რადგან ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით და საინტერესო იქნება, რომ ჩვენც ვიცოდეთ,”- აცხადებს დანელია.
კომპანია “იფქლის” ხელმძღვანელი, შაქრო ბაკურაძე ”კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში ბაზრის მონოპოლიაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის 10 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37,5 ლარს არ აჭარბებდა, თუმცა ზუსტად ერთ ღამეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა – 11 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 40 ლარი გახდა. ბაკურაძის თქმით, ვინც ბიზნესში ოდნავ მაინც ერკვევა, ადვილად მიხვდება, რომ მსგავსი ცვლილება ხელოვნური ჩარევების გარეშე არ ხდება.
პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ასევე, მიიჩნევს, რომ ფქვილის გაძვირება საბაზრო პრინციპების შელახვამ გამოიწვია. ამიტომ მიუხედავად კარგი მოსავალისა ფქვილის ფასი მაინც გაიზარდა.