ახალი ამბები

ძალადობის მსხვერპლმა ქმარი დაჭრა, სასამართლომ ქალი გაამართლა – საფარი

16 მარტი, 2020 •
ძალადობის მსხვერპლმა ქმარი დაჭრა, სასამართლომ ქალი გაამართლა – საფარი

„საფარის“ ინფორმაციით, ქალი, რომელიც ოჯახში ძალადობის დროს თავს იცავდა და ქმარს ჭრილობა მიაყენა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. მანამდე საქმე 2 წლის განმავლობაში განიხილებოდა.

ორგანიზაციის თქმით, ქალზე ქმარი სისტემატურად ძალადობდა, ახალი წლის ღამეს კი კაცი თავს დაესხა და მოხრჩობა სცადა.

„გაუსაძლისი ფიზიკური ძალადობის გამო ქალი იძულებული გახდა, 112-ში დაერეკა და შეეტყობინებინა, რომ მასზე ძალადობდნენ.

საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე 45 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა,– ამ დროისთვის ქალს ქმარი უკვე დაჭრილი ჰყავდა, რადგან დროის ამ მონაკვეთში მოძალადემ ნანას მოხრჩობა სცადა, რა დროსაც მსხვერპლი დასწვდა დანას და მოძალადეს ჭრილობა მიაყენა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საფარი“ წერს, რომ ნაცვლად მსხვერპლად აღიარებისა, ქალს განზრახი დანაშაულის მუხლით ბრალი წაუყენეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ორგანიზაცია წერს, რომ საქმეში გვიან ჩაერთო და ბევრი პროცესუალური დარღვევა აღმოაჩინა. ამასთანავე, არ მიმდინარეობდა ძალადობის ფაქტებზე გამოძიება და უგულებელყოფილი იყო ის დაზიანებები, რომლებიც ქმარმა ქალს მიაყენა.

„საფარის“განცხადებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება მოძალადე ქმრის წინააღმდეგ და მას წარედგინა ბრალი.

„ჩვენ გამოვკვეთეთ აუცილებელი მოგერიების ფარგლების მართლზომიერების პირობები, რაც გაითვალისწინა მოსამართლემ. გამოიკითხა არაერთი მოწმე, ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები“, – წერს ორგანიზაცია და ამატებს, რომ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, დააკვალიფიცირა რა აღნიშნული ქმედება, როგორც აუცილებელი მოგერიება, ქალის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი