ახალი ამბები

ვინ წავა ნიუ-იორკში? – მიწვეულია პრეზიდენტიც და პრემიერიც

16 აგვისტო, 2015 • • 1470
ვინ წავა ნიუ-იორკში? – მიწვეულია პრეზიდენტიც და პრემიერიც

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გუშინ ოფიციალურად განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.

 

“ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები”, – ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა ნიუ-იორკში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 23 ივლისს განაცხადა, რომ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიწვია ნიუ იორკში დაგეგმილ დისკუსიაზე “აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება”.

 

“გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიტვის პრეზიდენტს მიწვევისათვის და დაადასტურა, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ დისკუსიაში”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 23 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარგველაშვილი და ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაეროს ღონისძიებებზე ცალ-ცალკე ადასტურებენ მონაწილეობას. შარშან გაეროს კლიმატის სამიტში მონაწილეობისთვის ნიუ-იორკში გამგზავრებისთვის მიწვევა მიიღო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მაშინ როცა საქართველოს დელეგაციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხელმძღვანელობდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

“მე დღესაც ვარ იმ აზრის, რომ ის, რაც მოხდა შარშან, იყო ნამდვილი სირცხვილი, რადგან ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ შიგნით გაგვერკვია, ვინ იქნებოდა დელეგაციის ხელმძღვანელი. უნდა გაემგზავროს მხოლოდ ერთი დელეგაცია, ან პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. გაეროს გენერალური ასამბლეა არის მთავარი მოვლენა ამ დროს ნიუ იორკში და ყველა დანარჩენი ღონისძიება არის გვერდითი ღონისძიება. ის, ვინც არის დელეგაციის ხელმძღვანელი, ესწრება შემდეგ ყველაფერს, სადაც მიიჩნევს საჭიროდ დასწრებას. ამიტომ შესაძლებელია, რომ ზოგიერთ გვერდით ღონისძიებაზე ინდივიდუალური მოსაწვევები მოვიდეს, მაგრამ ცენტრალურ მოვლენაზე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მოწვევას ღებულობს ქვეყანა”, – განაცხადა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბარში.

 

ამ განცხადებას გამოეხმაურა პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე:

 

“შარშანდელი პრეცედენტი მართლაც სამარცხვინო იყო და ეს იყო ქრესტომათიაში შესატანი, როგორ არ უნდა მოქმედებდნენ სახელმწიფო ინსტიტუტები. კერძოდ, სირცხვილია, როდესაც იმალება პრეზიდენტის სახელზე მოსული წერილები. ნაბიჯები, რომლებიც მიზანიმართულად იყო გადადგმული პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისათვის და გადადგმული იყო იმწუთიერი პოლიტიკური კონიუქტურის გამო, ეს იყო ძალიან ცუდი და მართლა აღარ მეგონა, თუ ეს თემა წამოიწეოდა. დანარჩენზე, რაც შეეხება სამომავლო თემებს, მიმდინარეობს მუშაობა და ნახავთ, ყველაფერზე პასუხს მიიღებთ უახლოეს დღეებში”.

 

“მოწვევა ეგზავნება სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ გენერალურ დებატებში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. არის იქ სხვა გვერდითი ღონისძიებებიც, მაგალითად, ლიტვის პრეზიდენტის პერსონალური მოწვევა პრეზიდენტისადმი, ის უკვე გადაგზავნილია და ამაზე მუშაობს მისიაც და საგარეო საქმეთა სამინისტროც,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ “მოამბისთვის” მიცემულ სატელეფონო კომენტარში.


გაეროს 70-ე გენერალურ ასამბლეაზე დებატები 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება ნიუ-იორკში.

ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, 23.02.15
ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, 23.02.15

მასალების გადაბეჭდვის წესი