ახალი ამბები

ვაკონტროლებ სტრასბურგს და ნიუ–იორკის ბირჟასაც – პრეზიდენტის პასუხი კობახიძეს

12 აპრილი, 2017 •
ვაკონტროლებ სტრასბურგს და ნიუ–იორკის ბირჟასაც – პრეზიდენტის პასუხი კობახიძეს

ირაკლი კობახიძის ბრალდებას, თითქოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ სტრასბურგში გაგზავნილი წერილების შემდეგ სასამართლომ პოლიტიკური გავლენის ქვეშ მიიღო რუსთავი 2–ის საქმეზე გადაწყვეტილება, გიორგი მარგველაშვილი ხუმრობით პასუხობს.

შემიძლია ვაღიარო, რომ ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, აგრეთვე, ნიუ–იორკის ბირჟას და გადაცემას “ვის უნდა 20 ათასი?” – განაცხადა ილიაუნის სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა.

გიორგი მარგვალაშვილის თქმით, პოლიტიკური განცხადება რუსთავი 2–ის საქმესთან დაკავშირებით ნამდვილად გააკეთა, მაგრამ არ იცის, საიდან აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს “ეს დაზუსტებული, სანდო ინფორმაციები თუ სანდო წყაროები…”

“რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები აწვიდან ხოლმე ზოგიერთ თანამდებობის პირს ინფორმაციას, ნამდვილად არ ვიცი. კონსპირაციის თეორიებს რომ თავი დავანებოთ და სერიოზულად შევხედოთ, იცით, რაშია საქმე? ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ საუბარსაც ჩვენ აქ ვახერხებთ, ასეთი საუბრები შედგეს პოლიტიკოსებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ იყვნენ ის ადამიანები, ვისაც მე მუდმივად ვეპატიჟები. პარლამენტში ყოფნისას მივმართე როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე, ოპოზიციურ პარტიებს, რომ ერთად გვესაუბრა საზოგადოებასთან. რატომ ვდგავარ დღეს მარტო და რატომ არ არიან სხვა პოლიტიკოსები? საზოგადოება არ შედგება სხვადასხვა კაბინეტებში ჩაკეტილი ადამიანებისგან. საზადოება არის საზოგადოებრივ სივრცეში ერთმანეთისთვის ენერგიისა და აზრების გამზიარებელი,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

გუშინ, 11 აპრილს, ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის საკითხზე სტრასბურგის სასამართლო მოექცა პოლიტიკური გავლენის ქვეშ. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრემ განმარტა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო პოლიტიკური, მაგრამ პოლიტიკური გავლენის ქვეშ იქნა მიღებული.

“იყო კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი, ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, სხვა სუბიექტები ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე. პირადი მეილები გააგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში და, ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა. ბუნებრივია, ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული გადაწყვეტილება,” – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე – საგარეო საქმეთა მინისტრიც ხომ ჩართული იყო ამ პროცესში? – კობახიძემ უპასუხა:  “ საგარეო საქმეთა მინისტრს წერილი არ მიუწერია სტრასბურგის სასამართლოსთვის”. კითხვაზე – ხომ ჩავიდა სტრასბურგში მიხეილ ჯანელიძე? – კობახიძემ უპასუხა: “ჩავიდა სტრასბურგში და არა სტრასბურგის სასამართლოში – ეს სხვა თემაა. ჩვენ ვნახეთ, რომ იყო აბსოლუტურად ღია მცდელობა სტრასბურგზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის პრეზიდენტის მხრიდან, პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ამაზე იყო საუბარი”.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იმყოფებოდა იმ დროს, როცა რუსთავი 2-ის საქმეზე უნდა მიეღო სასამართლოს გადაწყვეტილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი