ახალი ამბები

“ბინებთან დაკავშირებით პასუხს არ გვეუბნებიან”- 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულები

14 აგვისტო, 2015 •
“ბინებთან დაკავშირებით პასუხს არ გვეუბნებიან”- 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულები

თბილისში, სვანიძის ქუჩა, რომელიც 13 ივნისის სტიქიის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო, დღეს ადამიანებისგან დაცარიელებულია. წყალდიდობის კვალი თითქმის ყველა სახლს ამჩნევია. მათი მეპატრონეები თბილისის მთავრობისგან სახლების შეკეთებას ითხოვენ. შენობის აღდგენას ითხოვს სვანიძის ქუჩაზე მდებარე თსუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიაც.


“ჯერ კიდევ 23 ივნისს გადავეცით მერიას წერილი, მომხდარიყო ჩვენი შენობის სტატუსის შესწავლა  და ზარალის აღრიცხვა, და რომ სასწრაფოდ დაგვეწყო მშენებლობა, თუმცა, ჯერჯერობით, ეს არ მომხდარა, ზარალიც არ ვიცით, რამდენია”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში მერაბ ალავერდაშვილი, თსუ-ს გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო ჰიდრომეტეროლოგიური ლაბორატორიის გამგე. ამჟამად, ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია უნივერსიტეტის კათედრაზე მუშაობს.


თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ გარემოს დაცვის სააგენტოსგან ელოდებიან დასკვნას სტიქიური ზონის შესახებ, რის შემდეგაც გაირკვევა, რომელი სახლი ექვემდებარება შეკეთებას და რომელი არა. 

 

“ჯერ ისევ არაფერი ვიცით, არ გვეუბნებიან კონკრეტულ პასუხს”, – ამბობს ლეილა თხელიძე, რომელიც 13 ივნისამდე წყნეთის ხევში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მისი თქმით, წყალიდობამ იმდენად გაანადგურა სახლი, ახლა სახლის ფოტოების ძებნა და მერიის შესაბამისი უწყებებისთვის ჩვენება უწევს, რომ მისი ზარალი აღრიცხონ. რაც შეეხება თავად სახლს, როგორც ის ამბობს, სტიქიამდე უძრავი ქონების პრივატიზაცია, ფინანსური პრობლემების გამო გაკეთებული არ ჰქონდა. შესაბამისად, ახლა უწევს დოკუმენტაციის შეგროვება და მტკიცება, რომ სახლი ნამდვილად მისი საკუთრება იყო და კომპენსაცია ეკუთვნის. 

 

ლეილა თხელიძის გარდა, მსგავს სიტუაციაში 20-ზე მეტი ოჯახია. ისინი თბილისის სხვადასხვა უბანში, თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით საცხოვრებელ ბინებს ქირაობენ. ამ ეტაპზე ყველა მათგანის ვითარება ბინებთან დაკავშირებით გაურკვეველია. 



 

ნეტგაზეთთან საუბარში ისინი აცხადებენ, რომ მერიის დაპირებაში, რომ 2-3 დღეში რაღაც კონკრეტულ პასუხს მიიღებენ, აღარ სჯერათ. 

 

“ამ დაპირებებში მივალთ ზამთრამდე. მერეც იტყვიან, ვეღარ გიხდით ქირასო და სულ მიგვატოვებენ”, – აცხადებს დღევანდელი აქციის ერთ-ერთი წევრი.  

 

“აქ არის ორი სახის პრობლემა. ერთი არის ის რომ ეს ხალხი ელოდება გარემოს ეროვნული სააგენტოდან სტიქიური უბედურების ზონის დადგენას, აინტერესებთ რომელი სახლი მოექცევა ამ ზონაში. იმ შემთხვევაში თუ მოიქცა ასეთ ზონაში, დაექვემდებარება თბილისის მერიიდან გამოსყიდვას. და მეორეა ქონების რეგისტრაცია, – ვისაც არ ჰქონდა დარეგისტრირებული ქონება, ელოდებიან, როდის გადაწყდება ეს საკითხი. ეს რთული საკითხია. საჭიროებს შესწავლას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, ჩაითვლებიან თუ არა ისინი დაზარალებულებად”, – ამბობს ლაშა აბაშიძე, ვაკის რაიონის გამგებელი. 

 

მისივე თქმით, მათგან მხოლოდ ისინი მიიღებენ ანაზღაურებას, ვინც სალეგალიზაციო პირობებს დააკმაყოფილებს.

 

აქვე, კიდევ ერთი საკითხია, რომელსაც დაზარალებულები დამატებით პრობლემად განიხილავენ. იმ შემთხვევაში თუ გამოსყიდვის საკითხი დადგება, მერია მათ, ექსპერტიზის მიერ შეფასებულს ფასს, კვადრატულ მეტრში 400 აშშ დოლარს გადაუხდის, რაც დაზარალებულთა თქმით, ძალიან ცოტაა. 


თბილისის მერიის ცნობით, საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით შეთანხმება სტიქიით დაზარალებული 140 ოჯახიდან მხოლოდ 28-თან მოხდა. 

 

 

მერიის ცნობით, აღნიშნული ოჯახები, რომლებიც ვერეს ხეობაში ცხოვრობდნენ, პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან – მათი საცხოვრებელი მთლიანად განადგურდა და აღდგენას არ ექვემდებარება.

 

 

„სულ გაფორმებული გვაქვს 28 ხელშეკრულება. შესაბამისად, თანხა აისახა მათ პირად ანგარიშებზე, რომლის ჯამური ოდენობა არის 7 789 000 ლარი. პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ კიდევ ველოდებით განმცხადებლებს“,- ამბობს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე.


 




მასალების გადაბეჭდვის წესი