სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუსაბუთებელია რატომ შეიზღუდა წესდებაში ცვლილებების შეტანა, როდესაც კომპანიის მთელი უძრავი და მოძრავი ქონება ისედაც დაყადაღებულია და მისი გასხვისების რისკი აღარ არსებობს; გაურკვეველია რას ემსახურება კომპანიის წლიური შედეგების დამტკიცების აკრძალვა; რატომ გაჩნდა კომპანიის დირექტორისათვის საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის უფლების სრულად შეზღუდვისა და ახალი ვალდებულებების აღების აკრძალვის აუცილებლობა, როდესაც ისედაც აკრძალულია უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა.
სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლომ შეზღუდა საკუთრების უფლება იმ მოცულობით, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს სამაუწყებლო კომპანიის საქმიანობას. ამასთან, სასამართლომ არ განმარტა რამდენად ემსახურება უფლების ამ მოცულობით შეზღუდვა მოსარჩელეთა ლეგიტიმური ინტერესების დაცვას და რატომ არ შეიძლებოდა იმავე მიზნის მიღწევა მოპასუხის საკუთრების უფლების ნაკლები შეზღუდვით.
ომბუდსმენის განცხადებითმ სამაუწყებლო კომპანიის ფუნქციონირებს შეფერხება ნეგატიურად აისახება ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზებასა და მედია თავისუფლებასაზე, რადგან სასამართლო დავის დასრულებას არაერთი თვე და შესაძლოა წელიც დასჭირდეს.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არღვევს უფლებათა შეზღუდვის თანაზომიერების პრინციპს. სასამართლომ საკუთრების უფლება შეზღუდა იმაზე მეტად, ვიდრე ამას მოითხოვს მოსარჩელის ლეგიტიმური მიზანი, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო არსებული დავა კიდევ ერთი გამოცდაა საქართველოს მართლმსაჯულებისათვის, რადგან ერთმანეთს კვეთს საკუთრების უფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო დავის დამოუკიდებელი და ობიექტური განხილვის პირობებში სანიმუშოდ გამჭვირვალედ, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების მაღალი სტანდარტის დაცვით წარმართვა.
საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს საქმესთან დაკავშირებული მოვლენების დაკვირვებას და მისი მანდატის ფარგლებში შესწავლას.