ახალი ამბები

ტყიბულის მეშახტეები მინისტრებთან და დამსაქმებლებთან ღია შეხვედრას ითხოვენ

14 მარტი, 2020 • 1220
ტყიბულის მეშახტეები მინისტრებთან და დამსაქმებლებთან ღია შეხვედრას ითხოვენ

ტყიბულის მეშახტეები დამსაქმებელთან და სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ღია შეხვედრას ითხოვენ. მათი მოთხოვნა უკავშირდება სამუშო პირობებს და ანაზღაურებას. მათი განმარტებით შახტაში სიცოცხლისთვის საშიში პირობებია, რაც 9 მარტს, 5 მეშახტის მოწმავლითაც დასტურდება.

„ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ ტყიბულელი მეშახტეების მიმართვას:

“13 მარტს ტყიბულელმა მეშახტეებმა საჯარო განცხადებით მივმართეთ დამსაქმებელს და სახელმწიფოს და მოვითხოვეთ გაცდენილი დღეების სრულად ანაზღაურება. ჩვენ შახტაში მუშაობაზე უარი ვთქვით სიცოცხლისთვის საშიში შრომის პირობების გამო, რაც დადასტურდა 9 მარტს 5 მეშახტის მოწამვლით. ჩვენი მიმართვა უპასუხოდ დატოვა, როგორც დამსაქმებელმა ასევე სახელმწიფომ.

ჩვენ დღეს ვითხოვთ ღია შეხვედრის ორგანიზებას დამსაქმებელ კომპანიასთან, სახელმწიფოს წარმოამდგენლის მონაწილეობით. ამ შეხვედრაზე ჩვენ ველით, რომ გაეცემა მკაფიო პასუხები ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე და დაითქმება გონივრული ვადები ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ჩვენი 10 მეგობრის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ სანამ შახტებში სამუშო გარემო არ იქნებოდა უსაფრთხო, ნახშირმოპოვებითი საქმიანობა არ გაგრძელდებოდა. ჩვენ ეს პირობა მწარედ გვახსენდება ყოველ ჯერზე, როდესაც შახტაში ჩავდივართ. სახელმწიფოს მიერ ამ პირობის შეუსრულებლობა კომპანიას საშუალებას აძლევს ისარგებლოს ჩვენი სოციალური მდგომარეობით და სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში მუშაობა გვაიძულოს. ეს შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდეს და თუ გაგრძელდება შესაძლოა ტყიბულში ახალი ტრაგედიები დატრიალდეს. ამაზე პასუხისმგებელნი თანამბრად იქნებიან სახელმწიფო და კომპანია.

მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს და ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, რომ დაუყოვნებლივ შედგეს მეშახტეების ღია შეხვედრა კომპანიასთან, სახელმწიფოს მონაწილეობით. ჩვენ ისევ ველით პასუხებს”.

https://www.facebook.com/923541107828841/videos/3512248688848556/?hc_location=ufi


რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებული მეშახტეები პროტესტის ნიშნად უარს ამბობდნენ სამუშაოს გაგრძელებაზე.

პროტესტი, დასაქმებულების თანახმად, კომპანიის იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ძიძიგურის შახტი დროებით დაიხურა, რის გამოც იქ დასაქმებულებს სამუშაო ადგილამდე მისვლა გაცლებით უფრო საფრთხის შემცველი გზით, კეძოდ კი მიწისქვეშა სავენტილაციო გვირაბით უწევდათ, რის გამოც მეშახტეები უარს აცხადებდნენ ამ გზით საქმიანობის განხორციელებაზე.

შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია EMC-ის ცნობით, 10 მარტს ამ გვირაბში დაგროვილი მხუთავი აირებისგან მოწამვლის გამო, სამი მეშახტე ქალაქ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი