ახალი ამბები

კორონავირუსის გამო უკრაინა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარს კეტავს

13 მარტი, 2020 • 1054
კორონავირუსის გამო უკრაინა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარს კეტავს

BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, უკრაინა 16 მარტიდან კორონავირუსის გამო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს.

შეზღუდვა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში, თუმცა ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა, ის გახანგრძლივდეს. ქვეყანაში სხვა ქვეყნის მოქალაქეების შესვლის აკრძალვაზე გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დღეს, 13 მარტს მიიღო.

უკრაინის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ, თუმცა ნაწილი მკაცრ შემოწმებას გაივლის. საუბარია ისეთი ქვეყნებიდან დაბრუნებულ უკრაინის მოქალაქეებზე, სადაც კორონავირუსის გავრცელება მაღალია. ამასთან, საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი უკრაინის მოქალაქეებს მოგზაურობისგან თავშეკავებას სთხოვს. მისივე თქმით, მოქალაქეებმა ასევე უნდა შეამცირონ ქვეყნის შიგნით გადაადგილებაც.

BBC-ის წერს, რომ ბრიფინგზე ალექსეი დანილოვმა უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევაზეც ისაუბრა. მისი თქმთ, გარდაცვლილია 71 წლის პირი, რომელიც პოლონეთიდან ახალი დაბრუნებული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი