ახალი ამბებიეკონომიკა

ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომელიც მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არყევს – გოცირიძე მთავრობის გეგმაზე

13 მარტი, 2020 • 2403
ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომელიც მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არყევს – გოცირიძე მთავრობის გეგმაზე

“ნაციონალურ მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დღეს, 13 მარტს გამოქვეყნებულ ე.წ ეკონომიკური სტიმულირების გეგმა მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის.

გოცირიძის განმარტებით, მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას არ აპირებს, პირიქით, დამატებითი ხარჯების გაწევას აპირებს. საუბარია 300 მლნ ლარზე. პრემიერის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები დამატებით გაიზრდება 300 მლნ ლარით.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის ოთხი თვით გადავადების საკითხს, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ეს ინდუსტრიისთვის კარგი შეღავათია, თუმცა ენმ ამ გადასახადების წლის ბოლომდე გადავადებას ითხოვდა. გოცირიძის თქმითვე, მთავრობამ, ფაქტობრივად, გაწირა მცირე და საშუალო ბიზნესი, როცა დამატებითი ღირებულების გადასახადისგანაც კი არ გაათავისუფლა ისინი.

“ეს არის ერთი ხელით ტურიზმის სექტორის სტიმულირება გარკვეული ფორმით და ამ ნაწილში ჩვენს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ძირითად ნაწილში ემთხვევა თუმცა მიგვაჩნდა, რომ ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადავადება წლის ბოლომდე უნდა მომხდარიყო. მეორე მხირივ, ფაქტობრივად, ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომელიც ქვეყანაში მაკროეკონომიკურ სტაბილურობას სერიოზულად არყევს.

ამასთან, საფრთხის ქვეშ აყენებს ლარისა და ფასების სტაბილურობას, რადგან ისინი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას არ აპირებენ, პირიქით, დამატებითი ხარჯების გაწევას აპირებენ. იმის მაგივრად, რომ ეთქვათ, 300 მლნ ლარით შეამცირებდნენ ბიუროკრატიულ, უსარგებლო ხარჯებს და ამით ინფლაციის მოთოკვაზე იზრუნებდნენ , ისინი პირიქით იქცევიან. ფაქტობრივად, ეს არის მხოლოდ ერთი სეგმენტისთვის გაწეული შეღავათები,”-ამბობს გოცირიძე.

გუშინ, 12 მარტს, სანამ მთავრობის “ეკონომიკური სტიმულირების გეგმა გამოქვეყნდებოდა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარი გეგმა გაასაჯაროვა. ენმ-ს გეგმაც საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს. ოპოზიციური პარტია მთავრობისგან მოითხოვს ტურიზმის სექტორი გადასახადების ნაწილისგან 2020 წლის ბოლომდე გათავისუფლდეს და დაგროვილი თანხა შემდეგ წელზე გადაუნაწილდეს.

საქართველოს მთავრობის დღეს გამოქვეყნებული გეგმა კი შემდეგ ღონისძიებებს ითვალისიწნებს:

  •   ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას.

  •  იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს; სასტუმროები და რესტორნები, ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები, საექსკურსიო საქმიანობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები და სხვა. საქართველოს მთავრობა გადაუვადებს მომდევნო 4 თვის განმავლობაში გადასახდელ ქონების და  საშემოსავლო გადასახადებს (1 ნოემბრამდე).

  •  კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების მიზნით, მთავრობა გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს  და წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მლნ ლარის ნაცვლად ფინანსთა სამინისტრო,  კომპანიებს დააბრუნებს 1,200 მლნ ლარს (600 მლნ ლარით მეტს)
  •  გაკეთდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომლის საშულებითაც 4 დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას. ეს პროექტი შეეხება ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 000 სასტუმროს, რომელმაც პანდემიის შედეგად შეიძლება მიიღოს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი