ახალი ამბები

„კავკასუსი“ 270 ათასით დააჯარიმეს და შეიძლება ავტორიზაცია შეუჩერონ

12 მარტი, 2020 • 1648
„კავკასუსი“ 270 ათასით დააჯარიმეს და შეიძლება ავტორიზაცია შეუჩერონ

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) „კავკასუს ონლაინი“ ისევ დააჯარიმა — ამჯერად 270 000 ლარით — და კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ავტორიზაცია შეუჩეროს.

„საქმე კომპანიის წილის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას ეხება: კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება 17 ოქტომბერს დააკისრა, თუმცა კომპანიას აღნიშნული ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია“, – წერს GNCC 12 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში.

GNCC-ის თანახმადვე, იმ შემთხვევაში, თუ „კავკასუსი“ 1 მაისამდე კვლავ არ შეასრულებს ვალდებულებას, დღის წესრიგში შესაძლოა კომპანიის ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს.

პრესრელიზის თანახმად, უწყებამ კომპანია პირველად 17 ოქტომბერს ცნო სამართალდამრღვევად, რის შემდეგაც ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 12 დეკემბერს ჯერ 30 ათასი ლარით დააჯარიმა, შემდეგ 6 თებერვალს — 90 000 ლარით.

„სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად და წილის გასხვისებამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვადა „კავკასუს ონლაინს“ 22 თებერვლამდე ჰქონდათ, თუმცა მისი მხრიდან ვალდებულება ამჯერადაც არ შესრულებულა“, – წერს მარეგულირებელი კომისია.

GNCC „კავკასუს ონლაინს“ წილების დაუკითხავად გასხვისებას ედავება. უფრო ზუსტად, საუბარია ცვლილებაზე არა უშუალოდ „კავკასუს ონლაინის“, არამედ მისი მფლობელი კომპანიების წილებში.

საქართველოს საჯარო რეესტრის თანახმად, „კავკასუს ონლაინი“ ეკუთვნის ორ კომპანიას, რომელიც ბრიტანეთის ვიჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული:

  • International Online Networks LLC — 63,8%
  • „ნელგადო ლიმითედი“ — 36,2%

GNCC-ის თანახმად, თავის მხრივ, International Online Networks-ის მფლობელი მეორე კომპანიაა — „ნელგადო ლიმითედი“. ეს ნიშნავს, რომ „კავკასუს ონლაინის“ 100%-იანი წილი — პირდაპირ და ირიბად — „ნელგადოს“ ეკუთვნის.

GNCC-ის თანახმადვე, „ნელგადო“, თავის მხრივ, მთლიანად ეკუთვნოდა მოქალაქე ხვიჩა მაქაცარიას, თუმცა, კომისიის ცნობითვე, მან „ნელგადოს“ წილის გარკვეული პროცენტი გაყიდა.

[იმის გამო, რომ აღნიშნული კომპანიები საქართველოს საჯარო რეესტრში არ არის დაფიქსირებული, „ნეტგაზეთმა“ მათი მფლობელობის საკითხები დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა].

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, მაქაცარიას მიერ „ნელგადოს“ წილის გაყიდვით ფაქტობრივად ავტორიზებული პირის, ანუ „კავკასუსის“ წილის მფლობელიც შეიცვალა, რაც, კომისიის თანახმადვე, „ექვემდებარებოდა კომისიისაგან წინასწარ თანხმობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა, რითაც დაირღვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლების მოთხოვნები“.

„კავკასუს ონლაინი“ სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც ამჟამად საცალო გაყიდვებს ჩამოშორებულია და მხოლოდ საბითუმო ბაზარზეა დარჩენილი.

რამდენიმე წელია, „კავკასუსს“ ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის აღარ შეჰყავს ინტერნეტი (ბიზნესის ეს ნაწილი „მაგთის“ მიჰყიდა), თუმცა ის ინტერნეტის პროვაიდერ სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიებს — „მაგთისა“ და „ბილაინს“ — აწვდის ინტერნეტს.

ამას „კავკასუსი“ შავი ზღვის ფსკერზე განთავსებული 1 200-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელის დახმარებით ახერხებს. კომპანია ამ კაბელის ერთპიროვნული მფლობელია, რითაც ევროპიდან (ბულგარეთიდან) აწვდის ინტერნეტს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი