ახალი ამბები

25-ლარიანი პაკეტის 30-ლარიანით ჩანაცვლება, ჩვენი წინასწარი შეფასებით გაძვირებაა – ბექაური “მაგთიზე”

12 მარტი, 2020 • 1270
25-ლარიანი პაკეტის 30-ლარიანით ჩანაცვლება, ჩვენი წინასწარი შეფასებით გაძვირებაა – ბექაური “მაგთიზე”

“მაგთიკომის” მიერ 25-ლარიანი პაკეტის გაძვირების საკითხს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შეისწავლის.

GNCC-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მარეგულირებელი შეისწავლის კომპანია  „მაგთიკომის“ მიერ 25-ლარიანი პაკეტის  30 ლარით ჩანაცვლება, არის თუ არა გაძვირება და რამდენად აქვს კომპანიას არსებული პაკეტის გაუქმების უფლება. კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის თქმით, მათი წინასწარი შეფასებით ოპერატორმა პაკეტი გააძვირა:

„ჩვენ შესწავლის პროცესში ვართ, 25-ლარიანი პაკეტის 30-ლარიანით ჩანაცვლება არის, თუ არა გაძვირება და რეალურად აქვს თუ არა ამის უფლება კომპანია “მაგთიკომს“. ჩვენი წინასწარი შეფასებით იკვეთება, რომ არსებული პაკეტის ჩანაცვლებით, ადგილი აქვს ტარიფის გაძვირებას, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებას და შეფასებას კომისია საკითხის სრული შესწავლის შემდეგ გააკეთებს”.

ბექაური ასევე ამბობს, რომ “მაგთიკომი” როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანია ვალდებულია რომელიმე კონკრეტული პაკეტის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს ალტერნატივა შესთავაზობს. GNCC-ის თავმჯდომარის შეფასებითვე, 25-ლარიანი ე.წ ულიმიტო პაკეტის გაუქმების შემდეგ, ოპერატორს ალტერნატიული პროდუქტი არ შეუთავაზებია. აქედან გამომდინარე, მარეგულირებელი კომპანიის საკითხს შეიწავლის.

“მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს, როგორიც „მაგთიკომია“ აქვს ვალდებულებათა ჯაჭვი, იმის შესახებ, რომ რომელიმე კონკრეტული მომსახურების პაკეტის გაუქმების შემთხვევაში, კომპანიამ მომხმარებელს ალტერნატიული მომსახურება  შესთავაზოს. ჩვენ ვხედავთ, რომ  25-ლარიანი პაკეტის გაუქმების შემთხვევაში, ბაზარზე „მაგთიკომის“ მხრიდან ალტერნატიული პროდუქტი, რომელიც აღნიშნული მომსახურების მსგავსი იქნება, შეთავაზებული არ არის. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი მსგავს ცვლილებას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია კვლევის და ანალიზის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას „მაგთიკომისთვის“ ვალდებულებების დაკისრების შესახებ.“ – განაცხადა კახა ბექაურმა.

BM.GE-ის ცნობით, კომუნიკაციების კომისიის დღევანდელ სხდომაზე სიტყვა მოითხოვა “მაგთიკომის” წარმომადგენელმა. კომპანიის იურისტმა ლევან გიორგაძემ აღნიშნა, რომ მათი გადაწყვეტილება კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

“გაძვირებას არ აქვს ადგილი. ეს არის კომპანიის პოზიცია. მას სრული თავისუფლება ჰქონდა არსებული რეგულაციებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების ფარგლებში, რომ ეს გადაწყვეტილებები მიეღო….

კომპანია საჯაროდაც ახსნის თავის პოზიციას და თითოეულ მომხმარებლამდე მიიტანს თავისი არგუმენტაციით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის მომხმარებელზე ორიენტირებული და ამას დავადასტურებთ ნებისმიერი წარმოების ფარგლებში ნებისმიერ ფორმატში”, – განაცხადა ლევან გიორგაძემ.

ნეტგაზეთის GNCC-ის პრესსამსახურს დაუკავშირდა. გვინდოდა გაგვეგო დაახლოებით რა ვადაში დაასრულებს შესწავლას მარეგულირებელი, თუმცა მათგან ამ საკითხზე ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი