„ჩვენ გვაქვს სერიოზული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ხვალ მოხდება ამ პროექტის დამტკიცება. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უნუკალური ურბანული არეალი. ეს არის ადგილი, სადაც გაჩნდა თბილისი და აჩქარებით ჩვენ მხოლოდ ისტორიულად დამახინჯებულ სივრცეს მივიღებთ. ამიტომ, მივმართავ ჩემს კოლეგებს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა, მიმდინარე წლის სექტემბრამდე იქნას გადადებული იმ ძირითადი მიზეზის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, ინვესტორი შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული მასშტაბის ცვლილებებზე იყოს თანახმა,“ – განაცხადა ალექსსანდრე ელისაშვილმა.
ელისაშვილის მოთხოვნას საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობისკომისიის თავმჯდომარე, გოჩა ბაბუნაშვილის ეხმაურება. მისი განცხადებით, მირზა შაფის პროექტი ყველა შესაბამისმა კომისიამ განიხილა.
“ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი დასაბუთებული ვერსია იმისა, თუ რატომ უნდა მოხდეს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან აღნიშნული საკითხის ამოღება. მოგეხსენებათ, უკვე შვიდი წელია მიმდინარეობს დისკუსია ამ საკითხის ირგვლივ და მინდა დაგიდასტუროთ, რომ პროექტის ის ვერსია, რომლის განხილვასაც ხვალ საკრებულოს სხდომაზე ვაპირებთ, საუკეთესოა მათ შორის, რომლებსაც აქამდე გავცნობივართ,”- აცხადებს გოჩა ბაბუნაშვილი.
ბაბუნაშვილის თქმით, კომპანია, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა და აღნიშნული პროექტი წარმოგვიდგინა, აკმაყოფილებს თბილისის ისტორიული უბნის იერსახის შენარჩუნების და ამ ადგილზე პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
“განხილვის პროცესში ჩართულები იყვნენ არა მხოლოდ საკრებულოს წარმომადგენლები, არამედ ექსპერტები, არქიტექტორები, ურბანისტები და დარგის სხვა სპეციალისტები, რომლებიც ამ პროექტის უნიკალურობას ადასტურებენ,“ – განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.
საკრებულოს სხდომა ხვალ, 12 აგვისტოს, 17:00 საათზეა დაგეგმილი.