ახალი ამბები

ლიკა კიკიანის, საიას და პროკურატურის ახალი განმარტებები

11 აგვისტო, 2015 • 1727
ლიკა კიკიანის, საიას და პროკურატურის ახალი განმარტებები

გუშინ ლიკა კიკიანმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც აცხადებს, რომ მან შეწყვიტა თანამშრომლობა როგორც საიასთან, ასევე პროკურატურასთან. 

 

“თუ ჩემნაირი ამბავი ვინმეს შეგემთხვევათ, აზრი არ აქვს ხმის ამოღებას. თქვენ ყველამ უყურეთ, ამ დროის განმავლობაში რამდენს ვიბრძოდი, დავდიოდი, ვყვიროდი, არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ საქმეში პოლიცია ფიგურირებს. ეს სისტემაა, რომელსაც არავინ არ ეხება და მე, 21 წლის გოგო, ჩემ სიმართლეს ვერ ვამტკიცებ. უარესი, სტრესის ქვეშ ვარ, დეპრესიის ქვეშ ვარ,”– ამბობს ლიკა კიკიანი ვიდეომიმართვაში.

 

ასევე, კიკიანი ამბობს, რომ პარსკევს იყო ფოტოსურათების ამოსაცნობად, თუმცა ვერავის ამოცნობა შეძლო, რადგანაც სტრესის ქვეშ იყო. თუმცა აცხადებს, რომ იცის იმ პოლიციელების სახელები და გვარები, რომლებმაც ის სცემეს. მისი თქმით, ეს პოლიციელები და მისი მეგობრები ემუქრებიან მას და მის მეგობრებს. 

 

“ესენი არიან ჩანტლაძე ამიტანი, პაპიძე ვლადიმერი, ხოხაშვილი კახა, ბჟალავა გიორგი, ქავრაძე მირიანი, იარაჯული თამაზი, შუბითიძე ალექსანდრე, ხიზანიშვილი ალექსი, აშირობი ნათიკი, კვირიკაძე გულადი, გუნავა ირაკლი, სარალიძე შავლეგი და სამხარაძე ირაკლი,”– ამბობს კიკიანი. 

 



#საქართველოსპოლიცია#შინაგანსაქმეთასამინისტროფუუუუ

Posted by Liittle Li on Monday, August 10, 2015

 

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ნათია სუხიაშვილმა განაცხადა, რომ კიკიანმა საიას ადვოკატთან ერთად მართლაც მიიღო მონაწილეობა იმ სავარაუდო პირების ამოცნობაში, რომლებმაც მისივე განცხადებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

 

პროკურატურის განცხადებით, ამოცნობისას, პირველ სამ შემთხვევაში მან ვერ შეძლო აღნიშნული პირების ამოცნობა.

 

“მიუხედავად იმისა, რომ გრძელდებოდა ხსენებული საგამოძიებო მოქმედება და ჩასატარებელი იყო კიდევ 10 ამოცნობა, კიკიანი გაურკვეველი მიზეზის გამო აღელვდა, დაიწყო ტირილი,  სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა როგორც იქ მყოფ, ასევე ამოსაცნობ პირებს და დემონსტრაციულად დატოვა პროკურატურის შენობა,”– ნათქვამია ნათია სუხიაშვილის განცხადებაში. 

 

რაც შეეხება გამოძიებას, პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ის ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, დანიშნულია ყველა შესაძლო და საჭირო ექსპერტიზა და გრძელდება სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც.  მისივე განცხადებით, მტკიცებულებათა სრულყოფილად შეკრების შემდგომ მიღებული იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რაც აუცილებლად ეცნობება საზოგადოებას.

 

ლიკა კიკიანის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ლევან ვეფხვაძე იცავდა.

 

საიას თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის ცნობით, მათი იურისტი ლიკა კიკიანის საქმეს გამოეთიშა, რადგანაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო კიკიანთან ეფექტური თანამშრომლობა ვერ შედგა. ანა ნაცვლიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ლიკა კიკიანს ამის შესახებ გუშინ შეატყობინეს.

 

“ალბათ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ჩვენ ვიყავით ერთ–ერთი პირველი, ვინც ამ საქმეს ძალიან აქტიურად გამოეხმაურა. პროაქტიურად დავუკავშირდით ლიკას და შევთავაზეთ ჩვენი სამართლებრივი დახმარება. ამის შემდეგ, ჩვენ გავხდით მისი ადვოკატი. საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს არაერთი ინტერვიუ, რომელიც მივეცი მე ამ საქმესთან დაკავშირებით, ლევან ვეფხვაძემ; ასევე, პერიოდულად, ჩვენ საზოგადოებას ვაწვდიდით ინფორმაციას საქმეში არსებული პრობლემატური მხარეების შესახებ, ღიად და ძალიან მკაფიოდ ვსაუბრობდით ამ ყველაფერზე. ლევან ვეფხვაძე ძალიან აქტიურად იყო ამ საქმეში ჩართული და ყველა შუამდგომლობა, რისი დაყენებაც კი შეიძლებოდა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, საჭირო იყო და შესაძლებლობას იძლეოდა კანონმდებლობა, დაყენებულია ამ დროისთვის. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერა და ვერ შედგა ლიკა კიკიანთან, როგორც ბენეფიციართან, ჩვენი ეფექტური კოორდინაცია და თანამშრომლობა,”– ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

 

იგი არ საუბრობს დეტალებზე, თუ რას გულისხმობს იმაში, რომ ვერ შედგა კიკიანთან ეფექტური თანამშრომლობა. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამაზე ვერ ისაუბრებს იმიტომ, რომ ადვოკატის ეთიკის კოდექსი კონფიდენციალობის დაცვას ითვალისწინებს, ასევე იმიტომ, რომ არ დაზარალდეს ლიკა კიკიანის ინტერესები.

 

თუმცა, იგი ასევე აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, საია აქტიურად მიადევნებს თვალს პროცესს და საქმეების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დააკვრდებიან კიკიანის საქმის მიმდინარეობას. 

 

ანა ნაცვლიშვილის თქმით, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, განიხილეს, თუ ამ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღებით, ხომ არ შეექმნებოდა რაიმე საფრთხე კიკიანის ინტერესებს. თუმცა, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის საპროცესო თვალსაზრისით ყველაფერი, რისი გაკეთებაც ადვოკატს შეეძლო, გაკეთებულია და მათი საქმიდან გამოსვლით ლიკას კიკიანის საქმის ინტერესებს არც ზიანი და არც ზიანის საფრთხე არ ადგება. 

 

 

 

კლუბ “ვიტამინის” თანამშრომელმა, ლიკა კიკიანმა გასულ თვეში განაცხადა, რომ კუს ტბაზე, კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელმა სცემა. 

 

ლიკა კიკიანის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება 9 ივლისს დაიწყო. პროკურატურის განცხადებით, გამოძიება პოლიციის თანამშრომელთა მიერ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-333-ე მუხლის მესამე ნაწილის  „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით არის გათვალისწინებული.  აღნიშნული  სასჯელის ზომად  რვიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი